ახალი ამბები

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს 

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი 9-10 ივლისს საქართველოს სტუმრობს. ეს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია დამოუკიდებელ საქართველოში.

ინდოელ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, დავით ზალკალიანი დახვდა. სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა საქართველოს ხელისუფლებას წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის წმინდა ნაწილი გადასცა.

მინისტრებმა შეხვედრა 10 ივლისს გამართეს, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.

დღესვე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინვესტიციების და კავშირების დამყარების საკითხებზე იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ინდოელ ინვესტორებს უფრო მიმზიდველ საინვესტიციო პირობებს შესთავაზებს და დასძინა, რომ საქართველოსთვის რამდენიმე ათასი ინდოელი სტუდენტის მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ და მადნის მოპოვების სფეროებში ინდურ ინვესტიციებს, ასევე სოფლის მეურნეობაში ინდოელი ინვესტორების ინტერესს გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ ეს ინტერესი საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და საქართველოში ბიზნესის კეთების გამარტივების შედეგია.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს გაეროში და სხვა საერთაშორისო, მრავალმხრივ თუ ორმხრივ პლატფორმებზე ინდოეთის მხარდაჭერისთვის.

დღესვე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წნორში მცხოვრები ინდური თემის წარმომადგენლებს შეხვდა.

სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი საქართველოში მოსკოვიდან ჩამოვიდა, სადაც რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა და რიგი რეგიონული საკითხები, მათ შორის, კავკასიის საკითხი განიხილა.

საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის სექტემბერში დაამყარეს. დღესდღეობით, ინდოეთს თბილისში წარმომადგენლობა არ აქვს და მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენციაც ერევანშია განთავსებული, პარალელურად საქართველოშიცაა აკრედიტებული.

2021 წლის თებერვალში, ინდოეთის ელჩი კიშან დან დევალი საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინიერს, გიორგი გახარიას შეხვდა და თბილისში საელჩოს გახსნის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოკაპარაკებების გააქტიურების საკითხები განიხილა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button