Placeholder canvas
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე გახარიასთან უთანხმოებაზე, ადგილობრივ არჩევნებსა და ივანიშვილზე საუბრობს

ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ვრცელ ინტერვიუში ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავრობაში გიორგი გახარიას მმართველობის დროს არსებულ უთანხმოებებსა და მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე ისაუბრა. კობახიძესთან ინტერვიუ „მთავარი არხის” იმ ახალი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს მომავალშიც უმასპინძლებს.  

უთანხმოებები გახარიასთან  

თებერვალში გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საუბრისას, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა ეჭვები, რომ მთავრობის ყოფილი მეთაური სავარაუდოდ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების გეგმის შესაბამისად მოქმედებდა. კობახიძის თქმით, გახარიას ქმედებების უკან შესაძლოა „რაღაც მერკანტილური მოტივი“ ყოფილიყო.  

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ გახარიამ არ დაასაბუთა, რატომ სურდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად პარტიის ოფისზე დაგეგმილი სპეცოპერაციის გადადება. სანაცვლოდ, 2-3 დღით დაკავების გადადება „უარესობისკენ ბევრ რამეს ცვლიდა“, განაცხადა კობახიძემ.  

მმართველი პარტიის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „რაც კი პრობლემა დაუგროვდა ქართულ ოცნებას იმ მცირე მონაკვეთის განმავლობაში, ეს იყო დაახლოებით ერთ-წლიანი [გიორგი გახარიას შს მინისტრობის] მონაკვეთი, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“. კობახიძემ რამდენიმე ასეთი ფაქტი დაასახელა – 2018 წლის მარტის სპეცოპერაცია მესტიაში; თბილისის ორ კლუბში ჩატარებული რეიდები 2018 წლის მაისში, რასაც შემდეგ დედაქალაქში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა; პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივებს შორის 2019 წლის აპრილში მომხდარი დაპირისპირება და 2019 წლის ივნისში პარლამენტის წინ პოლიციის მიერ ანტი-საოკუპაციო აქციების დარბევა.  

კობახიძის თქმით, ამ უკანასკნელის მოგვარება უფრო „მარტივად“ იყო შესაძლებელი და პოლიციას შეეძლო აქციის დაშლის დროს უფრო რბილი მეთოდები გამოეყენებინა, მათ შორის „წყლის ჭავლი“. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ „რატომ იდგნენ შინაგან სამინისტროს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით“.  

გახარიას გადადგომამდე „ჩვენ ეს გვეგონა შეცდომები“, განაცხადა კობახიძემ, მიანიშნა რა იმაზე, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ქართული ოცნებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა.  

გახარიას შესახებ საუბრისას, კობახიძემ მისი ახალი პარტიის „საქართველოსთვის“ დაფინანსების წყაროების თაობაზეც გამოთქვა ეჭვები და აღნიშნა, რომ ის შესაძლოა ნაციონალურ მოძრაობასთან იყოს კავშირში. თავად გახარიამ ამ თემაზე მანამდე აღნიშნა, რომ მან და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარი დანაზოგები გამოიყენეს პარტიის დასაფინანსებლად და რომ მომავალში დაფინანსების „აბსოლუტურად ინოვაციური“ და გამჭვირვალე მექანიზმები ექნებათ.  

2021 წლის ადგილობრივი არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გახარიას იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ქართულ ოცნებას „არალეგიტიმურობის“ შეგრძნება აქვს, რომელიც მაშინაც ვერ მოგვარდება, თუ პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ის ან მეტის მიღებით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თავიდან აიცილებს. კობახიძემ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული 43%-იანი ზღვარი „სახალხო ლეგიტიმაციის გადამოწმებას გულისხმობს“.  

ინტერვიუში კობახიძემ ასევე ისაუბრა მმართველი პარტიის გეგმებზე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ისინი მოახლოებული არჩევნებისთვის მზადებას „უახლოეს მომავალში“ შეუდგებიან. „ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ გვექნება კარგი შედეგი ამ არჩევნებში, მათ შორის ამ 43%-იანი ბარიერის კუთხიდან“, – განაცხადა კობახიძემ. მან არ დაადასტურა იყრის თუ არა კენჭს თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე ხელახლა და აღნიშნა, რომ ადრეულ ეტაპზე კანდიდატის დასახელება ოპონენენტებს უპირატესობას მიანიჭებს – ამიტომ მიღებულია, რომ კანდიდატი უშუალოდ არჩევნების წინ დასახელდეს.  

კობახიძემ ყოფილი პრემიერის და ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პროცესებში შესაძლო ჩართულობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლა მისი პრინციპული პოზიცია იყო. კობახიძემ უარყო მასთან რაიმე კომუნიკაციის ქონა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი წინასაარჩევნო სამზადისში მონაწილეობას არ მიიღებს.  

რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პირველ წერილს, სადაც მან გახარიას „მოღალატე“ უწოდა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გადადგომის გამო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებდნენ და ამიტომ, მან თავი ვალდებულად ჩათვალა, საზოგადოებისთვის განმარტება გაეკეთებინა.  

დმანისის მოვლენები  

ირაკლი კობახიძემ დმანისში 2021 წლის მაისის მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანებს შორის „ძალიან მძიმე ინციდენტები“ მოხდა. „მნიშვნელოვანი იყო საქმისთვის, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო აბსოლუტური შერიგებით, და ეს მოხდა, და ამაში ხელისუფლების როლი იყო მნიშვნელოვანი“, – დასძინა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button