skip to content
ახალი ამბები

პოლიციელი შსს-ს ნამახვანჰესის პროტესტისადმი „უკანონო“ მოქმედებებში ადანაშაულებს და სამსახურს ტოვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვანის პოლიციის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწემ, ზურაბ ხმელიძემ მთავრობა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე პროტესტის მონაწილეთათვის გადაადგილების კონსტიტუციური უფლების შელახვაში დაადანაშაულა, პროტესტის ლიდერებს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ სამსახურს ტოვებს.

პირველ ივნისს ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ხმელიძემ თქვა, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთათვის თავისუფლად გადაადგილების „დისკრიმინაციულად“ შეზღუდვით იგი „უკანონო დავალებას“ ასრულებდა და როგორც პოლიციელი „ხეობის ორად გაყოფაში“ მონაწილეობდა. ქუთაისთან ახლოს, სოფელ გუმათში პოლიციას თითქმის ორი თვეა რკინის ჯებირები აქვს აღმართული და პროტესტის მონაწილეებს რიონის ხეობაში, სოფელ ნამახვანში პროტესტის თავდაპირველ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობას არ აძლევს.

„ძალიან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზე, ნამუსზე, როდესაც შენ, ფორმიანი ადამიანი, რომელსაც გევალება საკუთარი მოქალაქეებისა და მიწის დაცვა, განზე ხარ გამდგარი და პირიქით, ხელს უშლი მათ“, – თქვა მან.

ხმელიძის განცხადებით, მასსავით კიდევ ბევრი პოლიციელი ფიქრობს, „ყველა ზღვარზეა“, „ძალიან ბევრს უნდა სისტემიდან წამოსვლა, მაგრამ ვერ ბედავენ, [რადგანაც მათ] უკან ოჯახ[ებ]ია“.

31 მაისს, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და შს მინისტრი ხაზს „პოლიციელების ღირსებას უსვამდნენ“, არადა „თვითონ ამ ადამიანებმა გახადეს პოლიცია ღირსებააყრილი და სულში ჩაფურთხებული“. „ამ ადამიანებმა თავიანთი მოქმედებებით პოლიცია შეაზარეს ხალხს“, – დაამატა ხმელიძემ.

პოლიტიკური შეფასები

აწ უკვე ყოფილი პოლიციელის ბრალდებებს განსხვავებული შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში.

„სისტემას ტოვებს დღეში ასობით ადამიანი, ზოგი რა მიზეზით, ზოგი რა მიზეზით“, – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა და დასძინა, რომ იქნებ, გადამდგარი პოლიციელი უბრალოდ „შინაგანად“ ემხრობა ნამახვანჰესის საპროტესტო აქციას და „ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი“.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა ობოლაძის თქმით, „თავად პოლიციელები ხვდებიან, რომ უკანონო დავალების შესრულება მუდმივად ვერ გაგრძელდება. ამიტომ, მათ დაგვიანებით, მაგრამ მაინც სურთ, რომ იყვნენ სწორ მხარეს, სადაც არის სიმართლე და იქნება გამარჯვება“.

ლელო საქართველოსთვის დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, როდესაც ადამიანებს აძლევენ „უკანონო და უღირს დავალებებს“, სულ უფრო მეტად გაუჩნდებათ პროტესტი იმისა, რომ სისტემას არ ემსახურონ და უკანონო და „უღირსი დავალებების გამო თავად არ მიიღონ ტალახი საკუთარი ხალხისგან“.

ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ცუდია, როდესაც პოლიციელებს უწევთ არაკონსტიტუციური დავალებების შესრულება და კიდევ უფრო ცუდია, როდესაც პოლიციელი იძულებული ხდება, რომ დატოვოს სამსახური მსგავსი უკანონო ბრძანების შესრულებისათვის“.

ბრალდებებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად ამ დრომდე არ უპასუხია. „სამოქალაქო საქართველო“ უწყებას კომენტარისთვის დაუკავშირდა. პასუხი მასალაში მიღებისთანავე აისახება.

  • ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button