ახალი ამბები

კახა კუჭავა ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ბრიუსელში 16-20 მაისის ვიზიტს განაგრძპბს, სადაც იგი უკვე შეხვდა ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ სასოლის, რამდენიმე წამყვან ევროპარლამენტრს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.

19 მაისს, ნატოს შტაბბინაში გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე კახა კუჭავამ საქართველოსა და ალიანსს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით ჩვენს მიზანს „რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ… იქნება მაპით, [თუ] მაპის გარეშე“.

19 მაისს ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების გეგმებზე, ასევე შავი ზღვის გავლით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გაღრმავებაზე იმსჯელეს. „ხაზი გავუსვით 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობას“, – დაწერა Twitter-ზე ევროკომისარმა და რეფორმების განხორციელებაში საქართველოს ძალისხმევის მიმართ, ასევე ეკონომიკის აღდგენასა და კოვიდ-19-ის პანდემიათან ბრძოლაში ევროკავშირის მხარდაჭერა დააფიქსირა.

კახა კუჭავას თქმით, დევიდ სასოლისთან შეხვედრაზე მან ევროპარლამენტის პრეზიდეტნს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნა სთხოვა. თავის მხრივ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მიესალმა „საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას ძლიერი პარლამენტის მშენებლობისა და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის შესახებ“.

გუშინვე პარალამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს შეხვდა. კახა კუჭავას განცხადებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მხრიდან 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას და „სურვილი აქვს“, რომ საქართველომ ამ კონტექსტში „პროგრესი აჩვენოს“.

18 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელს მარინა კალიურანდს და ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელს, სვენ მიკსერს შეხვდა. კუჭავას განცხადებით, ევროპარლამენტარებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქართველი პოლიტიკოსები ერთმანეთთან საუბარს და პრობლემების „საპარლამენტო განზომილებაში“ გადაჭრას შეძლებენ. მისივე თქმით, „ევროპარლამენტარებს იმედი აქვთ, რომ ეს [ევროკავშირის მედიაცია] ბოლო ჩარევა იყო“, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.

„მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ გამოვხატო სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – დაწერა Twitter-ზე კალიურანდმა კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button