skip to content
ახალი ამბები

რეორგანიზაციის გამო ცესკო კრიტიკის სამიზნე გახდა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ცოტა ხნის წინ განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების გამო კრიტიკის სამიზნე გახდა. რეორგანიზაციის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ „ნაჩქარევი“ უწოდა.

15 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ პროცესის ნაჩქარევად წარმართვას მოწმობს 5 მარტიდან 14 მაისის პერიოდში, რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახლადშექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება. ორგანიზაციის თქმით, თავდაპირველად ცესკოს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით 11 დეპარტამენტი განისაზღვრა, მოგვიანებით კი – მათი რაოდენობა რვამდე შემცირდა. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ამავე პერიოდში ორჯერ შეიცვალა ცესკოს ხელმძღვანელ პირთა, წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა, შრომის ანაზღაურების ოდენობა და ხარჯთაღრიცხვა.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ პროცესი „მოკლებულია ლეგიტიმაციას“, რადგანაც კომისიაში არ არიან ოპოზიციის კვოტით დანიშნული წევრები და ის მხოლოდ „პროფესიული ნიშნით“ და ქართული ოცნების მიერ დანიშნული წევრებისგან შედგება.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, „მიზანშეუწონელია“ ცესკოს აპარატის სტრუქტურული ცვლილებები, რადგანაც „ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა უნდა განხორციელდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ“.

მოძრაობა „დროამ“, რომლის ლიდერიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარიაა, ასევე გააკრიტიკა ცვლილებები და განაცხადა, რომ ცესკოში დაგეგმილი საარჩევნო რეფორმების წინ, ქართული ოცნება „გავლენებს ინაწილებს“. „ვიდრე შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა, ცესკოში ძლიერდება კლანი, რომელიც რეალურად მართავს საარჩევნო პროცესებს და ორგანიზებას უწევს არჩევნების გაყალბებას“, – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

ამავე განცხადებით, 14 მაისის სხდომაზე მიღებული დადგენილებით არსებითად გაიზარდა ცესკოს მდივნის და „რეალური მმართველის“, გიორგი ჯავახიშვილის „კლანის“ უფლებები. ამასთან, „მის ოჯახთან დაახლოებული პირი, ეკა ცაბაშვილი, საარჩევნო პროცესების მართვის ანუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეპარტამენტის უფროსი გახდა“. შედეგად, მის ხელში აღმოჩნდა, როგორც სიების ფორმირება, პარტიების, ბლოკებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, ისე საარჩევნო კომისიების მართვა.

ცესკოს გამოხმაურება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17 მაისს უარყო ინფორმაცია და მათ „დეზინფორმაცია და უსაფუძვლო ბრალდებები“ უწოდა, რომელთა მიზანიც „არასწორი აღქმების ჩამოყალიბება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“. ცესკოს თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით „მიზნად ისახავს გაზარდოს ინსტიტუციის ეფექტურობა და პროდუქტიულობა და, შესაბამისად, გაუმკლავდეს სისტემურ ორგანიზაციულ გამოწვევებსაც“.

დეპარტამენტების მარტში და შემდეგ მაისში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ კრიტიკის საპასუხოდ, ცესკომ განაცხადა, რომ ცვლილებები ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებს შეეხო. „აღნიშნული რეორგანიზაცია არ ყოფილა პირველი და ვერც იქნება ბოლო, ვინაიდან ყოველთვის სხვადასხვა ვითარებასა და დროში არსებობს ახალი გამოწვევები, საჭიროებები, საკანონმდებლო ცვლილებები, რეფორმები თუ სხვა გარემოებები, რომელსაც სჭირდება ორგანიზაციის მხრიდან სათანადო სტრუქტურული მოწყობა“, – განაცხადა ცესკომ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button