skip to content
ახალი ამბები

ბათუმის ბულვარის დირექტორი პლაჟის იჯარით გადაცემისთვის შეწინააღმდეგების შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს 

ტელეკომპანია „აჭარამ“ 12 აპრილს განაცხადა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლა.

თუმცა, თავად ჯინჭარაძემ განაცხადა, რომ იგი 3 380 მ2 ზღვისპირა პლაჟის მონაკვეთის იჯარით გადაცემას საჯაროდ შეეწინააღდეგა და სამსახურიდანაც სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს.

ჯინჭარაძემ ადგილობრივ გამოცემა „ბათუმელებს“ გუშინ განუცხადა, რომ 2019 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც სამინისტრომ მისი გათავისუფლების მიზეზად დაასახელა, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას ეხებოდა. მისი თქმით, აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ აუდიტის ანგარიში იმისთვის გამოიყენა, რომ გადაერწმუნებინა სხვა საჯარო მოხელეები, კრიტიკული მოსაზრებები არ გაეჟღერებინათ.

„მე არ მეშინია იმიტომ, რომ არც ქრთამი ამიღია და არაფერი დამიშავებია“, – განაცხადა ჯინჭარაძემ და დასძინა, რომ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ მიუღია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გაიმეორა, რომ ბულვარის დირექტორი სამსახურიდან საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისთვის გაათავისუფლეს და „ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება [მის] საჯარო განცხადებებს“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუქვეყნებია და ჯინჯარაძის გათავისუფლების შესახებ არც მედიასთან უსაუბრია.

იმავდროულად, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისმა აპარატმა განსხვავებული აზრისთვის შესაძლო დისკრიმინაციის საფუძველზე ჯინჭარაძის გათავისუფლების საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო.

ჯინჭარაძე ზღვისპირა პლაჟის იჯარით გადაცემის წინააღმდეგ

ბათუმის მერიამ ზღვისპირა პლაჟის მონაკვეთის იჯარით გადაცემის შესახებ 30 მარტის სხდომაზე იმსჯელა, რასაც ადგილობრივების ხმამაღალი პროტესტი მოჰყვა.

ჯინჭარაძემ მოწინააღმდეებს მხარი დაუჭირა და სხდომაზეც და მის შემდეგაც მწვავე განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, ბულვარი არის საჯარო და უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. მოგვიანებით, მერიამ ეს ინიციატივა დღის წესრიგიდან მოხსნა.

ბათუმის მერიის ხმაურიანი სხდომის შემდეგ, აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ იმავე დღეს ბულვარის მართვის მთავრობიდან ქალაქის ხელისუფლებისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება გაახმოვანა. მან ბულვარის კონსერვაციისა და განვითარების გეგმის დამტკიცებამდე ახალ სამშენებლო პროექტებზე მორატორიუმი გამოაცხადა. თუმცა, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პროექტების განხორციელება არ შეჩერებულა, ვინაიდან მორატორიუმი მხოლოდ მომავალ პროექტებს შეეხო და არა მიმდინარე მშენებლობებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button