skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, რომ პროკურორზე დამოკიდებულება მის გამოძიებას აფერხებს 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ სამსახურს არ გააჩნია ეფექტიანი სამართლებრივი ინსტრუმენტები, რათა სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიძიოს.

აღნიშნა რა, რომ მას პროკურატურის ნებართვა სჭირდება სხვადასხვა საგამოძიებო საქმიანობებისთვის, მათ შორის, მოწმეთა დასაკითხად, სახელმწიფო სამსახურის სამსახურმა განაცხადა, რომ პროკურის ნებართვებზე „დამოკიდებულება“ ეფექტიან გამოძიებას აფერხებს. ამ კონტექსტში სახელმწიფო ინსპექტორმა გაიხსენა, რომ პროკურატურამ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ერთ-ერთ საქმეზე სისხლის სამართალწარმოების დასაწყებად, მიუხედავად იმისა, რომ  არსებობდა მტკიცებულებები, რომლებიც „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიუთითებდა კონკრეტული პირის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულის ჩადენაზე“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის წინადადების განსახილველად ზედამხედველ პროკურორს აქვს 72 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ „საქმისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარება და, შესაბამისად, არსებითი მტკიცებულებათა მოპოვება შეიძლება დროში გაჭიანურდეს ან მტკიცებულება საერთოდ განადგურდეს“. დოკუმენტის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე პროკურორისგან თანხმობას, შესაძლოა, რვა დღე დასჭირდეს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მტკიცებულებები განადგურდეს ან გადაიმალოს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებს შორის  გადაფარვას აქვს ადგილი. მაგალითად, სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, ეს შეეხება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით) და 144 (3) მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) გათვალისწინებულ დანაშაულებს, რომელთა შორის „მკაფიო ზღვარის გავლება ზოგჯერ შეუძლებელია“.

ანგარიშში სახელმწიფო ინსპექტორი პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში არსებულ ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სამართალდამცველ სტრუქტურებს არ გააჩნიათ ვიდეოთვალთვალის შესახებ პოლიტიკა. დოკუმენტის თანახმად, ვიდეოთვალთვალის შედეგად მოპოვებული მონაცემების შენახვის ვადები, დაარქივებისა და ვიდეოსათვალთვალო სისტემების ადმინისტრირების წესები უწყებებს შორის განსახვავდება. ამასთან, განსხვავებულია ვიდეოთვალთვალის სისტემების საშუალებით მონაცემთა დამუშავების წესები ერთი უწყების შიგნითაც კი.

სახელმწიფო ინსპექტორი აღნიშნავს, რომ ხშირად არ არის მკაცრად განსაზღვრული მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე და როგორც წესი, „ერთი და იგივე მომხმარებლით (user) სარგებლობს რამდენიმე პირი და შეუძლებელია იდენტიფიცირება ვის, როდის, რა მიზნით ჰქონდა წვდომა ჩამწერ მოწყობილობაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების რაოდენობის შემცირების პარალელურად, 2020 წელს გაზრდილია იმ სააბონენტო ნომრების რაოდენობა, რომლებზეც განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა. „აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სასამართლოს განჩინებით ხშირად გაცემულია ნებართვა ერთზე მეტი სააბონენტო ნომრის ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ“, – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმდინარე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი 2020 წელს 116 შემთხვევაზე გამოიყენა და ამის მიზეზად სასამართლოს განჩინების სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წარმოუდგენლობა ან პროკურორის დადგენილებაში ბუნდოვანება-უზუსტობის არსებობა დაასახელა.

ანგარიშში ასევე ასახულია ის გამოძიებები, რომლებიც პოლიციის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ პირადი ინფორმაციის ან ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას ეხება.

სახელმწიფო ინსპექტორმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არასაკმარისად თანამშრომლობს მასთან ვიდეოჩანაწერების მიწოდების თვალსაზრისით. კერძოდ, სამხრე კამერების ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი – 41%-ს, ხოლო პოლიციის განყოფილებებში განთავსებული კამერების ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი – 48%-ს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, მაღალია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, კერძო პირებიდან და კერძო დაწესებულებებიდან ჩანაწერების მოწოდების მაჩვენებელი (87%).

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ასევე შეისწავლა წლის განმავლობაში სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ პირადი მონაცემების უპატივცემულობის საკითხი და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ვიდეოჩანაწერები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ვიზიტს ასახავს, ვიდეოში ასახულ პირთა სახეების დაფარვის გარეშე გაასაჯაროვა. „შესაძლოა მნიშვნელოვანი ყოფილიყო ინციდენტის საზოგადოებისთვის გაცნობა, თუმცა ვიდეოჩანაწერებიდან დასკვნის გამოტანისა და კონკრეტულ მოვლენაზე აზრის ჩამოყალიბებისათვის საჭირო არ იყო ვიდეოჩანაწერში პირთა იდენტიფიცირება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button