ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში არსებულ კრიზისსა და ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრობს

BBC-ის გადაცემა HardTalk-მა 9 მარტს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ გადასცა, სადაც მან უარყო ბრალდებები, რომ არჩევნების შემდგომი კრიზისის მდგომარეობაში მყოფი საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდის.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების „ალბათ არც დრო და არც ფორმა არ იყო საუკეთესო“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ერთი შემთხვევა „არ ნიშნავს, რომ საქართველო უცებ ავტორიტარული ქვეყანა გახდა“.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მელიას დაკავებას წინ უძღოდა „პროვოკაციები“ ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის, 2019 წლის 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე, რისთვისაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ახლა ბრალი აქვს წარდგენილი.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია დემოკრატიის მახასიათებელია და არა ავტორიტარული რეჟიმების. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა გამოძებნოს და ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე კომპრომისებზე შეთანხმდეს, თუ „მათ მართლაც სჯერათ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს“.

ევროკავშირის მედიაციაზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტი თბილისში აჩვენებს, რომ დასავლეთს არ უთქვამს უარი საქართველოზე. მან ოპტიმიზმი გამოხატა, რომ არჩევნების შემდგომი მოლაპარაკებების განახლება უახლოეს დღეებში გამოსავლის გამოძებნას დაეხმარება.

საქართველოს პრეზიდენტმა უარყო ოპოზიციის ბრალდებები 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების გაყალბების თაობაზე და მაგალითად, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში მოიყვანა, რომელიც არჩევნების „კანონიერებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button