ახალი ამბები

„სამართლიან არჩევნებს“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) 22 თებერვლის განცხადებით, ორგანიზაციის გამგებობამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ნინო დოლიძე აირჩია.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ნინო დოლიძე ბოლო 8 წლის განმავლობაში, აშშ-ის „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად, ასევე მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით მუშაობდა. ამასთან, 2007-2011 წლებში იგი „სამართლიანი არჩევნების“ თანამშრომელი იყო და 15-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

„სამართლიანი არჩევნების“ ახალი ხელმძღვანელის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც აწ უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ 25 დეკემბერს თანამდებობა იმის გამო დატოვა, რომ ორგანიზაციის გამგეობამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე პასუხისმგებლობა მას დააკისრა. „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, ქართული ოცნების მაჩვენებელი თავდაპირველთან შედარებით, 45.8%-დან 47.6%-მდე გაიზარდა. ოპოზიცია იმის ერთ-ერთ სამტკიცებლად, რომ არჩევნები „გაყალბდა“, სწორედ ორგანიზაციის პირველად მონაცემებს იმოწმებდა.

მაშინ, საკითხის შესწავლის შემდეგ, „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობამ განაცხადა, რომ ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ხარვეზი „ადამიანური შეცდომა“ იყო და რომ შეცდომის თაობაზე საზოგადოების დაგვიანებით ინფორმირებაზე პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button