Placeholder canvas
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი კონსტრუქციული დიალოგის საჭიროებაზე საუბრობს და ოპოზიციას აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 თებერვალს, გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში ქვეყანაში მზარდ „პოლარიზაციაზე“, „დაძაბულობასა“ და „დაპირისპირებაზე“ გაამახვილა ყურადღება და შექმნილ ვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა „სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციისა და დაძაბულობის განმუხტვის“ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რისთვისაც მისივე თქმით, „ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგია“ საჭირო.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ, „დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა“ და რომ „კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია“. ამით პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე მიუთითა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას“. პრეზიდენტმა ამით ასევე ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტზე მიანიშნა.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის დაკარგვის თვალსაზრისით, შეიძლება უმძიმესი შედეგები მოჰყვეს, რაც „ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის“.

განცხადების ბოლოს, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი „ამ მძიმე პროცესების“ შეჩერებას შეძლებს და „არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button