ახალი ამბები

ევროპარლამენტარები არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ

საქართველოს საკითხებზე მომუშავე ექვსმა ევროპარლამენტარმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ერთობლივი წერილით მიმართა და საკანონმდებლო ორგანოში „პირადი ცხოვრების გაუფრთხილებლად დარღვევისა“ და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართ „არასასურველი დამოკიდებულების“ გამო შეშფოთება გამოხატა.

ევროპარლამენტარებმა ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას პირადი მობილური ტელეფონის გამჟღავნების ფაქტი გააკრიტიკეს.

ერთობლივ წერილს ხელს აწერენ – ვიოლა ვონ კრამონ ტაუბადელი (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, გერმანია); სვენ მიკსერი (სოციალ-დემოკრატები, ესტონეთი); ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა); მარკეტა გრეგოროვა (მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი, ჩეხეთის რესპუბლიკა); მაიკლ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია); პეტრას აუშტრევიჩიუსი (განახლებული ევროპა, ლიეტუვა).

„ძალიან უსიამოვნო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა“, – ხაზი გაუსვეს ევროპარლამენტარებმა და მხარი დაუჭირეს საკითხზე კარლ ჰარცელის 3 თებერვლის შეფასებას, რომელმაც თეა წულუკიანის ქმედებას „არაეთიკური“ უწოდა.

ევროპარლამენტარებმა თეა წულუკიანის მიერ კარლ ჰარცელთან შეხვედრისა და მისი განცხადების განხილვის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსიც გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ დეპუტატის მიერ ახსნა-განმარტების მოთხოვნა „უბრალოდ ცუდი ტონია“.

ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს, რომ კარლ ჰარცელი „არ გამოხატავს მხოლოდ მის პირად აზრს, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც წესით [საქართველოც] ისწრაფის“.

მათვე არჩილ თალაკვაძეს შეახსენეს, რომ ელჩი ჰარცელი „ძალისხმევას არ ზოგავს, რათა საქართველოს მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი ჰყავდეს“.

„თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მანდატი მოითხოვს, რომ სხდომათა დარბაზში სუფევდეს წესიერების მაღალი ხარისხი“, – მიმართეს მათ თალაკვაძეს.

„გასულ კვირას, როდესაც საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული წევრები ბრუსელში გვეწვივნენ, მათ გაგვაცნეს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების ამბიციური გეგმა. ჩვენ თქვენს კოლეგებს მეგობრულად შევახსენეთ, რომ ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებს საჭიროებენ“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button