skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21-23 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელს, ბელგიის მეფეს, ფილიპს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს დევიდ სასოლის და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დევიდ მაკალისტერს.

დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რომ „ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და „რეფორმების გაღრმავების“ საქმეში.

თავის მხრივ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის დაწყებისთანავე ევროკავშირისგან მივიღეთ ადასტურებს, რომ ამ გლობალური გამოწვევიდან საუკეთესო გამოსავალი სოლიდარობაა“. „ამავე სოლიდარობას ველით ვაქცინების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“, – დასძინა მან.

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება, არის მეტი ჩართულობა ევროკავშირის მხრიდან კონფლიქტების მოგვარების საქმეში“. მისი თქმით, „ევროპასა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაძლიერებს“.

თავის მხრივ, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური იუწყება, რომ ჟოზეპ ბორელმა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოში არჩევნების შემდგომი ვითარების, პანდემიის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

„საქართველოს ესაჭიროება სრულფასოვნად მოქმედი, წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც მოსახლეობის ნდობით ისარგებლებს და მტკიცედ იმოქმედებს, რათა სწრაფად დააღწიოს თავი კოვიდ-19-ის პანდემიას და უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი განახორციელოს, მათ შორის, სასამართლო სისტემაში“, – იტყობინება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ბორელის სიტყვებზე დაყრდნობით.

ბრიუსელში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დევიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დევიდ მაკკალისტერთან, ბელგიის მეფე ფილიპთან და ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.

მეფე ფილიპთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოსა და ბელგიას ერთად მუშაობის უამრავი შესაძლებლობა აქვთ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, იქნება ეს ეკონომიკური, თუ კულტურული“.

ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დავიდ სასოლისთან შეხვედრისას, ზურაბიშვილმა ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირში სწავლისას ჰქონდეთ ისეთი ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ.

„ევროპაში ქართველი სტუდენტების ხელშეწყობა პრიორიტეტს წარმოადგენს. ევროკავშირის ქვეყნებში სწავლით, ისინი იმ ღირებულებებს ითვისებენ, რომლებიც ხვალინდელი დემოკრატიის ასაშენებლადაა საჭირო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ კოვიდ-19-თან ბრძოლის საქმეში. „მხოლოდ სოლიდარობით შევძლებთ ამ კრიზისის დაძლევას“, – დაწერა მან Twitter-ზე.

ხვალ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და მართლმსაჯულების სფეროში ევროკომისარ დიდიე რეინდერსს შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button