skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენი ოპოზიციისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 24 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში „უარყოფითად“ შეაფასა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსებაზე და საეთერო დროზე უარის თქმას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები „არღვევს პოლიტიკური პარტიებისათვის საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილ უფლებრივ გარანტიებს“.

ომბუდსმენის თქმით, კანონპროექტი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის საკუთრების  უფლებასაც ზღუდავს, ვინაიდან მოქმედი კანონის შესაბამისად, ოპოზიციურ პარტიებს დაკმაყოფილებული აქვთ მათთვის წაყენებული ყველა მოთხოვნა – მიღებული აქვთ ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც და წარდგენილი აქვთ წერილობითი თანხმობა, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებადაა საჭირო. „იგივე შეეხება პოლიტიკური პარტიებისათვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობის გაუქმებასაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მოქმედი კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისათვის თანხის გამოყოფის მიზანს. „კერძოდ, ესაა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა და პარტიული სისტემის განვითარება“ და ის მხოლოდ პარლამენტში განხორციელებული საქმიანობის დაფინანსებით არ შემოიფარგლება.

განცხადების თანახმად, სწორედ საარჩევნო რეფორმის ინკლუზიურად განხორციელება იყო ეუთო/ოდირის უპირველესი რეკომენდაცია და რომ ამგვარი ცვლილებები მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არ უნდა იყოს ექსკლუზიურად განსაზღვრული.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველს უკვე შეფასებული აქვს მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების ჭრილში 2008 წელს. „კერძოდ, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისათვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა სერიოზულ დარტყმას აყენებდა ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლებას და კანონში შეტანილ შესაბამის ცვლილებას პარტიების მიმართ გამოყენებულ სანქციად აფასებდა. აღნიშნული შეფასებები დღესაც აქტუალურია“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა და მას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები დაესწრნენ. რვა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ისინი მის შედეგებს არ ცნობენ და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ. ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რასაც ქართული ოცნება არ ეთანხმება.

ქართული ოცნების დეპუტატებმა ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 23 დეკემბერს უყარეს. გუშინ, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მეორე და მესამე მოსმენამდე კანონპროექტზე მოსაზრებებისთვის ვენეციის კომისიას ან/და ეუთო/ოდირს მიმართავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button