ახალი ამბები

ათი ოპოზიციური პარტია საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივის წინააღმდეგ

მმართველი პარტია დევნის იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც მიიღო ”პოლიტიკური” გადაწყვეტილება და უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, აცხადებს ათი ოპოზიციური პარტია და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიიღონ ზომები პარტიების დაფინანსებაზე მმართველი პარტიის ინიციატივის წინააღმდეგ. 

”ხელისუფლების მხრიდან დაფინანსების პრინციპის შეცვლა აშკარად შეიძლება შეფასდეს სადამსჯელო ღონისძიებად, ხელისუფლების მცდელობად პოლიტიკური ასპარეზიდან გააქრონ მათთვის არასასურველი პოლიტიკური ძალები,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ეს მიმართულია ოპოზიციური ძალების დევნისა და შევიწროვებისაკენ და საბოლოოდ ემსახურება ქვეყანაში ერთპარტიული დომინანტის ჩამოყალიბებას”.

ამ განცხადებას ხელს აწერს ის ექვსი ოპოზიციური პარტია  – ახალი მემარჯვენეები, ეროვნული ფორუმი,  თავისუფლება, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, საქართველოს გზა, ხალხის პარტია, რომელთაც დაფინანსების შეწყვეტა ემუქრება; გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი სუბიექტი  – კონსერვატიული პარტია; ასევე ლეიბორისტული პარტია და პარლამენტს გარეთ დარჩენილი – რესპუბლიკელები და მრეწველები.

ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც 5 ივლისს პირველი მოსმენით უკვე მიიღო პარლამენტმა, დაფინანსებას უწყვეტს მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის ექვს ძირითად ოპოზიციურ პარტიას, რომელთაც უარი თქვეს მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებზე და ”საფასადო ოპოზიციის როლის შესრულებაზე”.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე გააპროტესტა ის ფაქტი, რომ დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში, ექვს პარტიას ასევე გამოეცლება სამართლებრივი საფუძველი თავიანთი წევრები იყოლიონ საარჩევნო ადმინისტრაციებში. საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებენ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ.

ოპოზიციამ ასევე გააფრთხილა ქუჩის აქციების დაწყების შესახებ.

”ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ საქართველოს ხელისუფლება, რომ თავად ჭრიან მშვიდობიანი, კონსტურქციული, ლეგალური საქმიანობის ფორმატს, ამიტომ ერთადერთი ალტერნატივა იმ შემთხვევაში, თუ გააუქმებენ დაფინანსებას, იქნება ისევ და ისევ მასობრივი საპროტესტო აქციები”, – განაცხადა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი/Related

Back to top button