skip to content
ახალი ამბები

ციხეში გიორგი რურუას ცემის საქმეზე პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 16 დეკემბრის ინფორმაციით, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ციხეში ცემის საქმეზე უწყების გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის მე-8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სამსახურებრივი მოვალეობა „დაუდევარად“ და „არაჯეროვნად“ შეასრულეს, რასაც შედეგად ამავე დაწესებულებაში მოთავსებული გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა მოჰყვა.

სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი რურუას 2 ნოემბერს ციხეში თავს ხუთი პირი იმ დროს დაესხა, როდესაც იგი საკნიდან თავის ადვოკატთან შესახვედრად გამოდიოდა. მაშინ რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობდა, რომ ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმა იყო, ვინაიდან ინციდენტს წინ არანაირი სიტყვიერი შელაპარაკება არ უძღვოდა.

გიორგი რურუა სამართალდამცველებმა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. თავად რურუა წარდგენილ ბრალს დღემდე არ აღიარებს და მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. ოპოზიცია გაზაფხულზე აცხადებდა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, გიორგი რურუას გათავისუფლება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტს, დიპლომატების შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი წინაპირობა იყო. მმართველი გუნდი მსგავსი პირობის არსებობას უარყოფდა. სხვა „პოლიტმატიმრებთან“ ერთად, რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 12 ნოემბერს დაწყებული დიალოგის ერთ-ერთი წინაპირობაცაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button