საქართველო ნატოს უელსის სამიტის დეკლარაციაში
დარჩა რა დიდი ხნის სასურველი წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე, საქართველომ ნატოს უელსის სამიტზე სანაცვლოდ „არსებითი პაკეტი“ მიიღო, რომელიც ალიანსის თქმით, თბილისს ნატოს წევრობისთვის მზადების დაჩქარებაში დაეხმარება.
წინა სამიტების დეკლარაციების ფორმულირების მსგავსად, 2014 წლის დეკლარაციაც იმეორებს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ადასტურებს ამ და შემდგომი გადაწყვეტილებების „ყველა ელემენტს“.
ამ გადაწყვეტილებათა „ელემენტებს“ შორის არის პუნქტი იმის შესახებ, რომ MAP-ი ალიანსში წევრობისკენ გასავლელი შემდგომი ნაბიჯია; MAP-ის აუცილებლობაზე ასევე არის მითითებული საქართველოსთან მიმართებაში ნატოს მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებშიც და ამაზე მინიშნება კიდევ ერთხელ კეთდება უელსის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ადასტურებს 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების "ყველა ელემენტს."
ნატოს ლიდერთა უელსის სამიტის დეკლარაცია ამბობს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიღწია და ამბიციური რეფორმების განხორციელებით და ნატო-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კარგად გამოყენებით მიუახლოვდა ნატოს“.
„აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ურთიერთობები ალიანსთან შეიცავს იმ ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭიროა საქართველოს წინ წასაწევად საბოლოო წევრობისკენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
„დღეს ჩვენ მივიღეთ არსებითი პაკეტი საქართველოსთვის, რომელიც მოიცავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ტრეინინგებს, წვრთნებს, გაძლიერებულ სამეკავშირეო და თავსებადობის შესაძლებლობებს. ეს ზომები მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ალიანსთან თავსებადობის საშუალებების გაძლიერებას ალიანსში წევრობისთვის სამზადისში“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
საქართველოს და ნატოს ოფიციალური პირების თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი პაკეტი ასევე მოიცავს ნატოს საწვრთნელი ცენტრის შექმნას საქართველოში ისევე, როგორც „ხანდახან“ ნატოს წვრთნების მასპინძლობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ პაკეტს მოყვება „განხორციელების გეგმა“.
უელსის სამიტზე ნატოს ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს "თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობათა განვითარების ინიციატივის" დაწყება, რომელიც მიზნად ისახავს „პარტნიორი ქვეყნების მიმართ ერთგულების გამოხატულების გაძლიერებას; ეს ინიციატივა ალიანსს დაეხმარება დიდი რაოდენობის საბრძოლო ძალების განთავსების გარეშე უზრუნველყოს სტაბილურობა ადგილზე, ნათქვამია დეკლარაციაში.
ეს ინიციატივა, რომელიც საქართველოზე, იორდანიასა და მოლდოვაზე გავრცელდება, გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, რჩევებისა და დახმარების გაწევას თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების რეფორმირებაში.
უელსის სამიტის დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ნატოს ლიდერები აღიარებენ „საქართველოს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დემოკრატიის გაძლიერებისა და მისი სამხედრო ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციისკენ“.
„ჩვენ მივესალმებით საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის თვალსაზრისით. მოვუწოდებთ საქართველოს განაგრძოს რეფორმების გატარება, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, განავითაროს სასამართლო სისტემის რეფორმა და უზრუნველყოს კანონის უზენაესობის სრული პატივისცემა“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
დოკუმენტი ასევე იმეორებს ალიანსის მადლიერებას ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი „დიდი წვლილისთვის“ და აღნიშნავს, რომ ამასთან ერთად საქართველოს შეთავაზება 2015 წლიდან ჩაერთოს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში, „წარმოაჩენს საქართველოს როლს, როგორც წვლილის შემტანს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“.
დეკლარაცია ადასტურებს „მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, მიესალმება საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „სრულად შესრულებას“, ძალის არ გამოყენების შესახებ თბილისის მიერ აღებულ ვალდებულებას და მოუწოდებს რუსეთს გადადგას იგივე ნაბიჯები.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივნმა ანდერ ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის არის, რომლებიც ნატოსთან თანამშრომლობის „გაზრდილ შესაძლებლობებს“ ესწრაფვიან. დანარჩენი ოთხი ქვეყანაა ავსტრალია, ფინეთი, იორდანია და შვედეთი.
„ამ ჯგუფში საქართველოს მონაწილეობა იმ პროგრესის აღიარებას წარმოადგენს, რომელსაც საქართველომ ნატოსთან ურთიერთობებში მიაღწია. საქართველოს სურს უფრო მეტად გააუმჯობესოს ნატოს ძალებთან თავსებადობა“, – განაცხადა რასმუსენმა.
სამიტის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს კოლეგებთან ბოსნია და ჰერცეგოვინადან, საქართველოდან, მონტენეგროდან და მაკედონიიდან – ქვეყნებიდან, რომლებიც ნატოში წევრობას ესწრაფვიან.
„მინისტრებმა ამ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და სამიტის სხვა წამყვანი საკითხები, მათ შორის საერთაშორისო უსაფრთხოების ვითარება განიხილეს. ნატო მადლიერია ამ პარტნიორების იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომლის შეტანასაც ისინი განაგრძობენ ნატოს მიზნების მისაღწევად და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – ნათქვამია სამიტის დეკლარაციაში.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელიც უელსში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა თავის ფრანგ, ჩეხ, პოლონელ, ბულგარელ და ლატვიელ კოლეგებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)