skip to content
ახალი ამბები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მეექვსე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეექვსე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 22 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის პერიოდში ზეწოლის, მუქარის, ხელის შეშლის, ასევე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ძალადობრივი ინციდენტების სავარაუდო ფაქტები გამოვლინდა.

ორგანიზაციამ საანგარიშო პერიოდში შემდეგი დარღვევები დააფიქსირა: ფიზიკური ძალადობის 2 ფაქტი; „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის და ხელის შეშლის 12 შემთხვევა; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 2; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 2; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 8 და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 3 ფაქტი; ასევე საქველმოქმედო პროექტის დაანონსების 1 შემთხვევა.

ამასთან, ანგარიშში ასახულია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენასთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებები. დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიის კოორდინატორები ამომრჩევლების ნაცვლად თავად ავსებდნენ განაცხადს საარჩევნო ყუთის მოთხოვნით. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა რაოდენობა უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%-ზე მეტია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button