Placeholder canvas
ახალი ამბები

„სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 26 ოქტომბერს, სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ Facebook-ის 900-ზე მეტი გვერდი შეისწავლა და პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ოფიციალური გვერდების, მხარდამჭერთა გვერდებისა და ჯგუფების, ასევე ანონიმური და ცრუ მედიის მიერ გამოქვეყნებული 11 469 პოსტი გააანალიზა, რომელთა მიზანიც პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაცია იყო.

„სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, 69 გვერდი, „ღირებულებითი თემებით მანიპულირებით“, პარტიების – პატრიოტთა ალიანსის, ქართული მარშისა და ქართული იდეის, ასევე „პრიმაკოვის ფონდის“ დირექტორისა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, დიმიტრი ლორთქიფანიძისა, აგრეთვე საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზვიად ტომარაძის სასარგებლო აგიტაციას ეწეოდა.

ანგარიშის თანახმად, 36 ანონიმური გვერდი ოპოზიციის, კრიტიკული მედიასაშუალებების, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო 30 გვერდი, ძირითადად, ქართული ოცნების დისკრედიტაციას ემსახურებოდა. ამასთან, რიგ შემთხვევაში, მათი პოსტები ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგაც მოქმედებდა, გარდა გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პარტიებისა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მედიის საწინააღმდეგო პოსტებში განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელევიზიები: „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ არიან. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, იმ აუდიოჩანაწერების გამო, რომლებშიც ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორის, ნიკა ლალიაშვილისა და ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი თანამშრომლების საუბარია გადმოცემული, დისკრედიტაციული გზავნილების სამიზნე ტელეკომპანია „იმედიც“ იყო. „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ ცოტა ხნის წინ ეს ფაქტი ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად შეაფასა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ცხრა ცრუ მედიაგვერდი გამოავლინა, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლო და ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტებს აქვეყნებდნენ. საანგარიშო პერიოდში, ამ გვერდებზე სულ 403 პოსტი გამოქვეყნდა, რომელთაგან 7 „დასპონსორებულია“.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეკლამებს, „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში Facebook-სა და Instagram-ზე პარტიებისა და კანდიდატების მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური რეკლამებისთვის პოლიტიკურმა სუბიექტებმა 320 000 აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს. ანგარიშის თანახმად, პარტიებისა და კანდიდატების 177 ოფიციალურ გვერდზე, ძირითადად დეკლარირებული სახით, 4 925 რეკლამა გამოქვეყნდა.

„საანგარიშო პერიოდში Facebook-ზე პოლიტიკური მიზნით მოქმედ 42 გვერდზე „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა 147 აქტიური არადეკლარირებული პოლიტიკური რეკლამა აღმოაჩინეს, რომლებიც პლატფორმის წესების მიხედვით გასაჩივრდა. „იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად ყველა ეს რეკლამა პოლიტიკური კანდიდატის ან საკითხის შესახებ შინაარსის გამომხატველი იყო და დარღვევით გამოქვეყნდა, მხოლოდ 23-ის მოქმედება შეჩერდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის თქმით, საანგარიშო პერიოდში, გამოვლინდა 184 ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით მოქმედებს. ორგანიზაციისვე განცხადებით, ექვსი საჯარო ჯგუფი პატრიოტთა ალიანსის გარდა, ყველა პარტიის დისკრედიტაციას ეწევა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button