skip to content
ახალი ამბები

ტოივო კლაარი თბილისსა და სოხუმს ეწვია

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთკავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარი, რომელიც ჟენევის სააერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეა, 12-14 ოქტომბერს თბილისსა და სოხუმს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას, ასევე აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრს“ დაურ კოვეს და აფხაზეთის „პრეზიდენტს“ ასლან ბჟანიას შეხვდა.

კლაარის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდი ჩაიშალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დისკუსიაში მონაწილეობაზე უარი რუსეთმა თქვა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის  მოადგილეს, ლაშა დარსალიას 12 ოქტომბერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა განიხილეს, რაც „პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა სოხუმსა და ცხინვალში საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი, ასევე მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯები განიხილეს, რომლებიც „მიმართული იყო კორონავირუსის პანდემიის დროს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად“.

ამავე განცხადების თანახმად, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის რუსეთის წარმომადგენელთა მიერ ჩაშლის გამო და პარტნიორებს თხოვნით მიმართა, რომ თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებმა – ევროკავშირმა, გაერომ და ეუთომ ქმედითი ზომები მიიღონ მოლაპარაკებების რაუნდის დეკემბერში გამართვის უზრუნველსაყოფად.

სოხუმში, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრს“, დაურ კოვეს 13 ოქტომბერს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში კოვიდ-19-ის პანდემიის კუთხით არსებული რთული ვითარება და ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით აფხაზეთის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული ნაბიჯები განიხილეს. აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა აფხაზეთს ნოემბრის დასაწყისში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები მიაწოდოს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის კაბინეტის უფროსი ბიორნ კიუნე, სპეციალური წარმომადგენლის ოფისის პოლიტიკური მრჩეველი ემანუელ ანკეტილი, ასევე სპეციალური წარმომადგენლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი და პოლიტიკური მრჩეველი, გოტფრიდ ჰანე.

ტოივო კლაარი 14 ოქტომბერს აფხაზეთის „პრეზიდენტს“ ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგი, ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხი, აფხაზეთში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და „კოვიდ-19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით ევროკავშირის შესაძლო დახმარების საკითხი განიხილეს“.

ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ბჟანიამ  ჟენევის დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ საკითხად ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა დაასახელა და ევროკავშირს ამგვარ დოკუმენტზე შეთანხმებაში დახმარება სთხოვა.

თავის მხრივ, ტოივო კლაარმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია რეგიონულ სტაბილურობაში და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს „აფხაზეთისთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მიეცემა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button