ახალი ამბები

ლელომ პრემიერობის კანდიდატი და „მარშალის გეგმის“ მიმართულებების ხელმძღვანელები დაასახელა

პარტია ლელო საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს მდივანმა, დავით უსუფაშვილმა 13 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ ღონისძიებაზე პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა.

თავის მხრივ, პრემიერობის კანდიდატმა ლელოს მიერ შემუშავებული საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის – „მარშალის გეგმის“ მიმართულებების ხელმძღვანელები წარადგინა.

წლების განმავლობაში მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი და „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსურ მიმართულებას ჩაიბარებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებას გიგლა მიქაუტაძე უხელმძღვანელებს, გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაზე კი – ნიკა შურღაია იზრუნებს.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საგარეო საქმეებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი. დამოუკიდებელი დეპუტატი და ვაკეში ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებას უხელმძღვანელებს, ოსებთან და აფხაზებთან შერიგების მიმართულებას კი – სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი ჩაიბარებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარეები ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე „იუსტიციის საქმეებისა და სასამართლოს“ და „შინაგანი საქმეებისა და სამართალდამცველი სისტემის“ მიმართულებებს უხელმძღვანელებენ. თავდაცვის მიმართულებას ეკატერინე ქვლივიძე წარუძღვება.

„მარშალის გეგმის“ განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მიმართულებაზე ფიქრია ჩიხრაძე იზრუნებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button