ახალი ამბები

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს 

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე 1-2 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. იგი უკვე შეხვდა საქართველოს ხელისუფლების წევრებს, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

შვედეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის წესრიგის მთავარი საკითხებია – კონფლიქტები საქართველოში, მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებები და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. შეხვედრებზე ასევე განიხილება ეუთოში შვედეთის თავმჯდომარეობის საკითხი, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.

შვედი კოლეგის ვიზიტზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ვიზიტის მნიშვნელობას იმ ფონზე, როდესაც შვედეთი ეუთოს თავმჯდომარეობისთვის ემზადება.

„ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგანაც შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში აუცილებელია, რომ ორგანიზაცია [ეუთო], ისევე როგორც აქამდე, იყოს განსაკუთრებით აქტიურად ჩართული ისეთი მწვავე პრობლემების მოგვარებაში, როგორებიცაა კონფლიქტები ეუთოს რეგიონში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, შეხვედრის დროს, მან ხაზი გაუსვა ეუთოს აქტიურ ჩართვას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რადგანაც „მთავარი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოების სიტუაცია ადგილზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი იყოს ეუთოს პოლიტიკური დღის წესრიგის მოწინავე საკითხებს შორის“.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტზე საუბრისას, ზალკალიანმა თავის შვედ კოლეგას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივა გააცნო, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისი მზადაა კონფლიქტიის მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესს შეუწყოს ხელი.

პრემიერ-მინისტრ გახარიასთან შეხვედრის დროს, მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო შვედეთთან, როგორც ეუთოს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს.

ამავე ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოს სურვილს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომის შესახებ.

მოახლოებულ არჩევნებზე საუბრისას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა „უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას თავისუფალ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში და მიუხედავად პანდემიისა, საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალურ დასწრებას, მათი უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფით“.

ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც ეწვევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button