ახალი ამბები

აფხაზეთის „მთავრობა“ და „პარლამენტი“ ერთმანეთს ამნისტიის გამო დაუპირისპირდნენ 

ოკუპირებული აფხაზეთის „აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოები“  24 სექტემბერს „დამოუკიდებლობის დღის“ აღსანიშნავად პარლამენტის მიერ პატიმართა ამნისტიის აქტის მიღების გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოკუპირებული რეგიონის „შინაგან საქმეთა სამინისტრომ“, „იუსტიციის მინისტრმა“ და „გენერალურმა პროკურორმა“ „პარლამენტის“ ქმედება დაგმეს, ხოლო ამ უკანასკნელმა „მთავრობა“ დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

ამნისტიის აქტის თანახმად, ყველა პატიმარი, რომელსაც სამ წლამდე პატიმრობა აქვს შეფარდებული, პირები, რომელთაც ხუთ წლამდე პატიმრობა აქვთ შეფარდებული და რომლებიც 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტში ან კოდორის ხეობაში 2008 წლის ოპერაციაში მონაწილეობდნენ, ასევე არასრულწლოვნები, 55 წელს ზემოთ ქალები და 60 წელს ზემოთ კაცები პატიმრობიდან თავისუფლდებიან.

26 სექტემბერს ოკუპირებული რეგიონის „შინაგან საქმეთა სამინისტრომ“ განაცხადა, რომ ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილება „სასჯელის გარდაუვალობის პრინციპს ეწინააღმდეგება“.

ამნისტიის შესახებ აქტი 28 სექტემბერს  „იუსტიციის მინისტრმა“, ანრი ბარციცმაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მან, შესაძლოა, აფხაზეთის „მთავრობის“ ზოგად პოლიტიკას ძირი გამოუთხაროს. პარლამენტის მიერ მიღებული აქტის წინააღმდეგ რეგიონის „გენერალური პროკურორი“ ადგურ აგრბაც გამოვიდა.

„მთავრობის“ კრიტიკის საპასუხოდ, აფხაზეთის „პარლამენტმა“ 29 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა და ამნისტიის აქტის მიღების გამო „მთავრობის“ მხრიდან „საკანონმდებლო ორგანოს“ დისკრედიტაციის მცდელობისთვის „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა.

„სახალხო კრება უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დისკრედიტაციის უსაფუძვლო მცდელობის გამო“, – ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის „საკანონმდებლო ორგანოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქტის მიღების მოტივზე საუბრისას, კანონპროექტის ავტორმა, „დეპუტატმა“ ვალერი აგრბამ აღნიშნა, რომ აქტის მიღებას წინ ომის ვეტერანების, პარტია „ამცახარას“, საზოგადოებრივი ორგანიზაციების „არუაას“ და „აბაშის“, ასევე პატიმართა ნათესავებისა და თავად პატიმრების უამრავი თხოვნა უძღოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button