Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართველი პოლიტიკოსები ევროპარლამენტართა კომენტარებს ეხმაურებიან

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით 14 სექტემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართა. მმართველი გუნდის წევრებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ევროპარლამენტარების კომენტარებზე განსხვავებული რეაქციები ჰქონდათ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი გამოეხმაურა პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას მიმართვას, რომელიც გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვდა. ვოლსკიმ ფოტიგა მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ფოტიგას მიმართვა „სუბიექტივიზმზე და მის პოლიტიკურ გემოვნებაზე მეტყველებს“.  

ვოლსკი, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელის შენიშვნასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა [საქართველოში] დემოკრატის საფრთხეს უქმნის“. ვოლსკიმ ამის პასუხად განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილის [მთავრობაში] მოსვლის შემდეგ სახელმწიფოში ადამიანებს არ აწამებენ და არ კლავენ“. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიში არის „ძალიან დიდი აღიარება იმ რეფორმების, იმ სწორი გზის, რომელსაც ადგას ქართველი ხალხი და საქართველო“.   

კუჭავამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. „რა თქმა უნდა, არაერთგზის ხაზგასმით იქნა დაგმობილი რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები და კვლავ მტკიცე მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – დასძინა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ევროპარლამენტარები გაეცნენ „ოდირის დასკვნებს 2018 წელს უტიფრად და პირწმინდად გაყალბებულ არჩევნებზე“. ვაშაძის თქმით, „მეორეჯერ მსგავს ტრიუკს საქართველოს ხელისუფლებას არავინ არ შეარჩენს“. 

„პარლამენტის დოკუმენტშიც და ევროპარლამენტის გამოსვლაშიც მკაფიოდ ჩანდა ტენდენცია, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს და ქართველ ხალხს, მაგრამ არიან ძალიან კრიტიკულები ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ“, თქვა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.  

პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პლენარულ სხდომაზე გაკეთებული ბევრი კომენტარი წარმოადგენს „პირდაპირ გზავნილს“ „ქართული ოცნებისადმი“, რომ „არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი“ ეჭვქვეშ არ დადგეს. 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განაცხადებით, ევროპარლამენტარების კომენტარებში ხაზგასმულია, რომ „31 ოქტომბრის შემდეგ, მსოფლიო თანამეგობრობას ხელისუფლების სათავეში არ სურს იხილოს ბიძინა ივანიშვილი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button