Placeholder canvas
ახალი ამბები

ბიბილოვის მოსკოვში ვიზიტის ფონზე ცხინვალში კრიზისი გრძელდება

ცხინვალის ცენტრში ოთხი ოპოზიციური პარტიის – „ნიხასის“, „ხალხთა ერთობის“, „სახალხო პარტიის“ და „კომუნისტური პარტიის“ ორგანიზებით 11 სექტემბერს აქცია გაიმართა, სადაც ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და რეგიონის მთავარი პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომა და სავარაუდოდ წამებით მოკლული ახალგაზრდა პატიმრის ინალ ჯაბიევის საქმეზე სამართლიანი გამოძიება მოითხოვა.   

მომიტინგეებს „დეპუტატმა“ დავით სანაკოევმა მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ „კანონმდებლებს“ ჯერ რეგიონის ლიდერისგან ანატოლი ბიბილოვისგან ჯაგაევის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პასუხი არ მიუღიათ. სანაკოევმა აღნიშნა, რომ „რვა ადამიანის გარდა, ინალ ჯაბიევის საქმეზე არავინ დაუკავებიათ და რომ ყველა იმ პირმა, ვინც ბრძანება გასცა, პასუხი უნდა აგოს“.  

ამ ფონზე, ცხინვალის რეგიონის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და მასთან ერთად, საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია მოსკოვში მართავდნენ შეხვედრებს.

ცხინვალში აქციები დროგამოშვებით 28 აგვისტოდან მოყოლებული, ოკუპირებული რეგიონის „შს მინისტრ“ იგორ ნანიევისკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გასაპროტესტებლად იმართება. ბიბილოვმა „მთავრობა“ იმავე დღეს დაითხოვა; მოგვიანებით საქმესთან დაკავშირებით შვიდი პირი დააკავეს.   

მიუხედავად ბიბილოვის დაპირებისა, რომ ყველა დამნაშავეს დასჯიდა, აქციები კვლავაც იმართება. საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები თავად ბიბილოვისა და ჯაგაევის გადადგომას და მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვენ.   

ფიზიკური ძალადობის სხვა მსხვერპლნი      

სექტემბერში ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის კრიმინალურმა პოლიციამ სასტიკად სცემა გერსან კულუმბეგოვი და ნიკოლაი ცხოვრებოვი, რომლებიც ჯაბიევთან ერთად ნანიევის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დააკავეს.   

30 წლის ცხოვრებოვი ქალა-ტვინის დახურული დაზიანებებით, ტვინის შერყევითა და ჩალურჯებებით მოათავსეს საავადმყოფოში. ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, იგი შესაძლოა შემდგომი მკურნალობისთვის ცხინვალიდან მოსკოვში გადაიყვანონ. 9 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის ჯანდაცვის უწყებამ ცხოვრებოვის შემდგომი მკურნალობის დაგეგმვის თაობაზე კონსულტაციებისთვის ჩრდილოეთ ოსეთში კოლეგებს მიმართა.  

გამოძიების ფარგლებში, ამოცნობის ოთახში ხელით მიყვანილმა ცხოვრებოვმა (დაზიანებების გამო მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო) თავდასხმის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ამოიცნო – ესაა აცამაზ ნანიევი, ცხინვალის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი რწმუნებული. ნანიევი დააკავეს და მას ემუქრება განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.   

კონტრპროტესტი  

ბიბილოვის პარტიის „გაერთიანებული ოსეთის“ ლიდერებმა საჯაროდ დაგმეს ოპოზიციური ძალების მცდელობები, სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ, მათ შორის, „პრეზიდენტისთვის“ ულტიმატუმის წაყენების გზით. 4 სექტემბერს გამართულ კონტრაქციაზე, ბიბილოვის მხარდამჭერებმა ოპონენტებს მოუწოდეს, „შეწყვიტონ ოსი ხალხის გახლეჩაზე მუშაობა“.  

ამასთან, ცხინვალის პირველი მოწვევის „პარლამენტის“ დეპუტატებმა 7 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ოპოზიცია ტრაგედიის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების გამო გააკრიტიკეს. ცხრა „დეპუტატყოფილი“ რეჟიმის ცვლილების წინააღმდეგ გამოვიდა და „პრეზიდენტსა“ და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრის ორგანიზებაში შუამავლობის წინადადებით გამოვიდა..   

თუმცაღა მოქმედი „დეპუტატების“ ნაწილმა თანამშრომლობისადმი ინტერესი არ გამოხატა. მათ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე ბიბილოვის ინიციატივაც უგულებელყვეს. საინფორმაციო სააგენტო „რესი“ 8 სექტემბერს წერდა, რომ კომისია კვორუმის უქონლობის გამო ვერ შეიქმნა.   

ციხეებში არასათანადო მოპყრობის ადრინდელი შემთხვევები   

ჯაბიევის გარდაცვალება ცხინვალის ციხეებში ძალადობის გამოვლინების ერთადერთი შემთხვევა არ არის, რასაც ადრინდელი ცნობებიც მოწმობს. საქართველოს სახალხო დამცველი წლებია შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალის ციხეებში პატიმართა არასათანადო მოპყრობის გამო და თავის ყოველწლიურ ანგარიშებში ოკუპირებული რეგიონის დრობითი დაკავების საკნებსა და ციხეებში  მათ ცემასა და წამებაზე მიუთითებს.  

2019 წლის ოქტომბერში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანდა, რომ ცხინვალის პოლიცია მოშიმშილე პატიმრებს სცემდა. პატიმრების შიმშილობა ოკუპირებული რეგიონის გადაწყვეტილებას მოჰყვა, ცხინვალის საპატიმროში აემოქმედებინა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა, რომელიც პატიმრებისთვის დადგენილ რეჟიმს მნიშვნელოვნად ამკაცრებდა. 

ცხინვალის საპატიმროებში წლების მანძილზე არაერთი ქართველიც მოუთავსებიათ. მხოლოდ 2019 წელს, გამყოფი ხაზიდან თვითნებურად საქართველოს 86 მოქალაქე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს.  ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის საქმე იყო. ტატუნაშვილი ცხინვალის საოკუპაციო ხელისუფლებამ სასტიკად აწამა და მოკლა.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button