ევროპამთავარი თემა

ლუკაშენკო: ძალაუფლება სუვერენიტეტის ფასად

რა ხდება:

საპრეზიდენტო არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მშვიდობიანი გამოსვლები არ წყდება. ევროპა მას პრეზიდენტად არ აღიარებს. ჩიხში მოქცეულმა ლუკაშენკომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად რუსეთს მიმართა.


ავტორი: მამუკა კომახია რონდელის ფონდის მკვლევარია. ის რუსეთის და პოსტ-საბჭოთა სივრცის ამბებს აშუქებს.


რატომაა ეს მნიშვნელოვანი:

წინასაარჩევნოდ ლუკაშენკოს კამპანიას ანტირუსული ელფერი დაჰკრავდა: ის მოწინააღმდეგეებს კრემლის მარიონეტებად მოიხსენიებდა, თავს კი ბელარუსის სუვერენიტეტის დამცველად სახავდა. არჩევნების შემდეგ, გაჭირვებაში მისი დახმარების შესაძლებლობა და სურვილი მხოლოდ მოსკოვს აღმოაჩნდა. ლუკაშენკოს ადრინდელი თავნებობა კრემლში კარგად ახსოვთ და ამჯერად რუსული დახმარება მას ძვირი დაუჯდება.

რას უნდა მოველოდეთ:

  • მოკლევადიან პერსპექტივაში ლუკაშენკო ძალაუფლებას შეინარჩუნებს და „სამხედრო ავტორიტარიზმისკენ“ დაწყებულ სვლას გააგრძელებს.
  • რუსეთი შეეცდება, მინსკში საქმე ისე წავიდეს, რომ ლუკაშენკო კრემლისთვის უფრო საიმედო ფიგურამ ჩაანაცვლოს.
  • ევროკავშირის რეაქცია მოზომილი დარჩება. თუმცაღა ამ პროტესტების შედეგად ევროპულ დედაქალაქებში მინსკისადმი ყურადღება შესამჩნევად გაიზრდება, რაშიც მთავარ როლს ვილნიუსი და ვარშავა ითამაშებენ.
  • მშვიდობიანი პროტესტის სიცოცხლისუნარიანობა ჩვეულებრივი მოქალაქეების მოტივაციაზე იქნება დამოკიდებული. ერთიანი ლიდერი ჯერ არ გამოკვეთილა, თუმცა მარია კოლესნიკოვა დღეს ამ როლის ყველაზე პერსპექტიულ შემსრულებლად მოჩანს.

ანალიზი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80.1% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი – 10.1%. გამოჟონილი ფაქტები მასობრივ გაყალბებაზე მიუთითებს. მთავრობამ აიძულა ტიხანოვსკაია ბელარუსი დაეტოვებინა. ამჟამად ის ლიეტუვაში აფარებს თავს.

არჩევნების დღიდან დღემდე მინსკსა და ბელარუსის ქალაქებში ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი გამოსვლები არ წყდება. ბოლო მასშტაბური გამოსვლა 6 სექტემბერს იყო, როდესაც „ერთიანობის მარშზე“ მინსკსა და სხვა ქალაქებში ასიათასობით ადამიანი გამოვიდა.

ზოგისთვის პრეზიდენტი, ბევრისთვის – აღარ

ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცა რუსეთმა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დიდმა ნაწილმა (საქართველოსა და უკრაინის გარდა), ჩინეთმა და მსოფლიოში რუსეთის რამდენიმე სხვა მოკავშირემ. ევროკავშირი და აშშ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ევროკავშირმა საარჩევნო დარღვევებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობის გამო სანქციების სია მოამზადა, რომელშიც 31 მაღალჩინოსანი შედის, მაგრამ არა – პირადად ლუკაშენკო. ჩანს, ბრიუსელს ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებისათვის კვლავაც სურს სივრცის შენარჩუნება. დასავლეთში შიშობენ, რომ ლუკაშენკოს კუთხეში მომწყვდევა მას რუსეთს ჩაახუტებს.

ლუკაშენკოს გამოწვევები

ლუკაშენკო თავისი 26-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე დრამატული გამოწვევის წინაშეა. 1994 წელს ქვეყნის პირველ და ერთადერთ დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან წარმატებით შეძლო ძალაუფლების ხელში მოქცევა. მოსახლეობის მენტალიტეტი, სუსტი პოლიტიკური ინსტიტუტები და წარმატებული ეკონომიკური მოდელი ლუკაშენკოს სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის სიმყარეს უზრუნველყოფდა.

თუმცა, ბოლო წლებში ლუკაშენკოს წარმატების საფუძველი შეირყა. ბზარი გაუჩნდა სანაქებო სოციალურ და ეკონომიკურ მოდელს, რომელიც რუსეთის ენერგო რესურსების შეღავათიან მიღებას ეფუძნებოდა. ამასობაში ბელარუსში წამოიზარდა ახალი თაობაც, რომელიც ევროკავშირის საზღვარს ხშირად კვეთს, აღარა აქვს საბჭოეთის ნოსტალგია და საკუთარ და ქვეყნის მომავალსაც განსხვავებულად ხედავს.

რისი ეშინია ლუკაშენკოს

მას შემდეგ, რაც არჩევნებში მარცხის პირველი ელდა რეპრესიებით გადაიტანა, ლუკაშენკომ თითქოს გაიმყარა შეტორტმანებული ტახტი. თუმცაღა, მის ძალაუფლებას მოკლევადიან პერსპექტივაში საფრთხე შეექმნება, თუ:

  • გაგრძელდება მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლები;
  • მმართველ ელიტაში მოხდება განხეთქილება ან შეთქმულება მის წინააღმდეგ;
  • გაძლიერდება საგარეო ზეწოლა, როგორც დასავლეთიდან, ასევე რუსეთიდან.

საპროტესტო გამოსვლები

ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე გამოსვლები და გაფიცვები ლუკაშენკოსთვის ყველაზე დიდი მოულონდელობა აღმოჩნდა. ლუკაშენკოს დაბნეულობას  და მისი მდგომარეობის კომიკურობას ყველაზე კარგად ტელეეკრანზე და მინსკის ქუჩებში მისი და მისი არასრულწლოვანი შვილის ხელში ავტომატით გამოჩენა ასახავს. ეს მაშინ, როდესაც საპროტესტო გამოსვლები ხაზგასმით მშვიდობიანია. მინსკში მოვლენილი რუსი „მედია ექსპერტების“ მეცადინეობის მიუხედავად ცხადია, რომ 2020 წლის მინსკის ოპოზიციის მოქმედება ფუნდამენტურად განსხვავდება 2014 წლის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისაგან.

საპროტესტო მუხტის შესასუსტებლად ლუკაშენკოს რეჟიმი შიშს თესავს: აპატიმრებს დემონსტრანტებს, აშინებს და აჯარიმებს მათ. ამ გზით, მან საწარმოების საყოველთაო გაფიცვა კი გაანელა, თუმცა ქუჩის პროტესტებს ვერაფერი მოუხერხა. პარალელურად, რეჟიმი ოპოზიციის ლიდერების ნეიტრალიზებას ცდილობს. ტიხანოვსკაიას იძულება, დაეტოვებინა ქვეყანა, მნიშვნელოვანი წარმატება იყო ლუკაშენკოსთვის. თუცაღა მეორე ლიდერის – მარია კოლესნიკოვას იძულებითვე უკრაინაში გაძევების მცდელობა გუშინ, 8 სექტემბერს მარცხით დასრულდა – ოპოზიციონერმა თავისი პასპორტი გადახია, საზღვრის ვითომდა ნებაყოფლობითი გადაკვეთა შეუძლებელი გახადა და ამ საქციელით საპროტესტო მოძრაობის უდავო ლიდერად იქცა. დღევანდელი მდგომარეობით, ლუკაშენკოსთან მოსალაპარაკებლად შექმნილი ოპოზიციური „საკოორდინაციო საბჭოს“ წევრებიდან მხოლოდ ერთი ადამიანი – ნობელიანტი სვეტლანა ალექსიევიჩი რჩება თავისუფალი და მასაც რეგულარულად დაკითხვებზე იბარებენ.

მმართველი ელიტის ლოიალობა

მმართველი ელიტა,  ძალოვანი უწყებისა და საჯარო სამსახურის წარმომადგენლების სახით, ამ ეტაპზე ლუკაშენკოსადმი ლოიალობას ინარჩუნებს. საჯარო სამსახურიდან პროტესტის მხოლოდ რამდენიმე ხმა გაისმა. ყველაზე ხმაურიანი 18 აგვისტოს სლოვაკეთში ბელარუსის ელჩის იგორ ლეშენიას გადადგომა იყო. თანამდებობა დატოვა ძალოვანი უწყების რამდენიმე საშუალო და დაბალი რგოლის წარმომადგენელმაც.

3 სექტემბერს მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილება მოხდა: სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტსა და უშიშროების საბჭოში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ. ლუკაშენკო ძალოვანი უწყების წარმომადგენლების როტაციას მის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულების პრევენციისთვის პერიოდულად ადრეც მიმართავდა ხოლმე.

საგარეო ზეწოლა

ლუკაშენკოსთვის უპირველესად იმის ეშინია, რომ დასავლეთმა და რუსეთმა – საკუთარი, განსხვავებული მიზეზებით – ერთად არ გადაწყვიტონ, რომ მისი დრო ამოიწურა. თუ ეს მოხდა, ლუკაშენკო პრაქტიკულად განწირული იქნება. თუმცა, ამ ეტაპზე მან შეძლო კრემლის მხარდაჭერის მოპოვება.

რიტორიკის ცვლილება: ლუკაშენკოსთვის ეს პირველი წინასაარჩევნო კამპანია იყო, როდესაც იგი ამომრჩეველს არა პრორუსულ კანდიდატად, არამედ როგორც ბელარუსის დამოუკიდებლობის გარანტად წარუდგა. სახელისუფლო მედია ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეებს პრორუსულ კანდიდატებად წარმოაჩენდა. არჩევნების შემდეგ, ლუკაშენკოს სწრაფად მოუწია ანტირუსული აქცენტების ანტიდასავლური რიტორიკით ჩანაცვლებამ.

დასავლური საფრთხის ხატება: ლუკაშენკომ ბელარუსში აქციების მართვაში პოლონეთს, ჩეხეთს, ლიეტუვასა და უკრაინას დასდო ბრალი. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საპროტესტო აქციები უცხოეთიდან იმართება. მან პოლონეთი გროდნოს ოლქის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებშიც „ამხილა“. ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსის არმიის ნახევარი ლიეტუვასა და პოლონეთის საზღვარს აკონტროლებს. მისი თქმით, ისინი იძულებული იყვნენ საზღვრებთან ნატო-ს წევრი ქვეყნების არამეგობრული ნაბიჯებისთვის ეპასუხათ. ბელარუსებისადმი (და ეგებ, მოსკოვისთვისაც) ლუკაშენკოს მთავარი გზავნილია, რომ დასავლეთის საზღვრებიდან მომდინარე „საფრთხე“, რომელიც ბელარუსის სუვერენიტეტს ემუქრება, მხოლოდ მოძმე რუსეთის დახმარებით შეიძლება შეკავდეს.

რუსეთის მხარდაჭერა: ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერების ფონზე ლუკაშენკოს რუსეთთან დაახლოების პროცესი დაჩქარდა:

  • გახშირდა სატელეფონო საუბრები ლუკაშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის. უახლოეს დღეებში მათი შეხვედრაც იგეგმება.
  • ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში კოლეგას შეხვდა, რუსეთის პრემიერ-მინისტრი კი მინსკს ესტუმრა.
  • პუტინმა ძალოვანების რეზერვი გამოყო, რომელიც „ექსტრემისტული ძალების მხრიდან ძალადობრივი აქტების დაწყების“ შემთხვევაში ბელარუსში გაემგზავრებიან.
  • რუსეთის პროპაგანდისტული არხიდან (RT) ბელარუსში ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის დესანტი გაიგზავნა. მათ ბელარუსის სახელმწიფო მედიაში იმ ჟურნალისტების ადგილი დაიკავეს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს.
  • მზადდება ბელარუსის ეკონომიკური დახმარების პაკეტი.
  • კრემლმა ასევე ნათლად გააგებინა დასავლეთის დედაქალაქებს, რომ არ დაუშვებდა ევროკავშირის ქვეყნების გააქტიურებას ბელარუსული კრიზისის გადაჭრაში. ბერლინიდან და პარიზიდან სატელეფონო ზარებს სწორედ კრემლში პასუხობდნენ და არა მინსკში. ჯერჯერობით, მოსკოვმა კრიზისში შედარებით უწყინარი ეუთოს ჩართვაზეც კი უარი განაცხადა.

ის რაც არჩევნებამდე წარმოუდგენელი იყო, ახლა უკვე გარდაუვალი ჩანს. ლუკაშენკოს რუსეთის აქტიური ჩარევის გარდა სხვა გზა არ დარჩენია და ამას ღიად ითხოვს. რუსეთისთვის ეს საუკეთესო შანსია, ბოლო წლებში გაჯიუტებული მინსკი უფრო ღრმა ინტეგრაციაზე დაითანხმოს და კრემლის კონტროლს დაუქვემდებაროს. აქამდე ლუკაშენკო მუდმივად ჭირვეულობდა და ბელარუსის სუვერინეტეტის ხარჯზე ინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდა. ახლა მას ორი გამოსავალი დარჩა, ან რუსეთის მხარდაჭერით ძალაუფლება შეინარჩუნოს და სანაცვლოდ კრემლს მისი ძალაუფლების ნაწილი გადასცეს, ან ბელარუსი დატოვოს და დარჩენილი ცხოვრება მოსკოვის გარეუბანში გაატაროს, სადაც რუსეთის მეგობარი დევნილი პრეზიდენტები ცხოვრობენ.

მომავლის ხედვა

ახლო ხედვა: უწყვეტი, მშვიდობიანი და მასობრივი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, მოკლევადიან პერსპექტივაში, ლუკაშენკო შეინარჩუნებს ძალაუფლებას, მისი მმართველობა კი უფრო რეპრესიული და რუსეთზე დამოკიდებული გახდება. შესაძლოა, მინსკის რეჟიმმა ისეთივე „სამხედრო ავტორიტარიზმის“ ნიშნები შეიძინოს, როგორსაც რამზან კადიროვის ჩეჩნეთში ვხედავთ.

გრძელვადიანი პერსპექტივა: ბელარუსში წარმოქმნილი საპროტესტო განწყობების ფონზე ლუკაშენკოს დიდი ხნით ქვეყნის სათავეში შენარჩუნება რუსეთისგანაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. კრემლისთვის მომგებიანი თავისი შერჩეული კანდიდატისათვის ხელისუფლების გადაბარება იქნება. ეს შესაძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტებსა და ზოგადად, ბელარუსებს ანტირუსული განწყობები არ ახასიათებთ. საწყის ნაბიჯად მოსკოვს შეუძლია ლუკაშენკოს მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს შეუწყოს ხელი, რაც ვითარებას დროებით დაამშვიდებს და ლუკაშენკოს „ღირსეული წასვლისთვის“ შექმნის წინაპირობას.


ანალიზის პირველი ნაწილი, რომელიც არჩევნების წინ გამოვაქვეყნეთ:

მსგავსი/Related

Back to top button