ანალიზი

პოლიტიკოსებო, ახალგაზრდებს თქვენი არ ესმით!

არჩევნები მოახლოვდა და სოციოლოგიური კვლევებიც დახვავდა. რეიტინგების დატოლებაში და „მჯერა-არ მჯერას“ ძახილში ბევრი აღმოჩენა იკარგება. არადა ჩვენი საზოგადოების ჩვევებისა და ხედვების გაგება სასარგებლო უნდა იყოს მკვლევრებისთვისაც და იმ პოლიტიკოსებისთვისაც, რომლებიც მათი გულის მოგებას ცდილობენ.


ავტორი: ხათუნა ნაჭყებია გამოყენებითი კვლევების კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელია 2006 წლიდან. ის უკვე 30 წელია პოლიტიკურ და სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს.


ჰოდა, ჩვენ – „სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge) რედაქციამ და გამოყენებითი კვლევების კომპანიამ – ვცადეთ საქმეს სხვანაირად მივდგომოდით და რეიტინგების ნაცვლად, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გვეკითხა, როგორ ქვეყანას მიიჩნევენ იდეალურად, მერე კი ეს ხედვა დღევანდელ საქართველოზე მათი წარმოდგენისათვის დაგვეპირისპირებინა. ბოლოს ყველაფერი ეს არჩევნებზე წასვლა-არწასვლის ჩვევებსა და ინფორმაციის მიღების წყაროებსაც შევადარეთ.

ჩვენ წყნარად ვიკვლევთ და საკუთარ გამოცდილებას ვეყრდნობით. ბევრი ხალხი არ გამოგვიკითხავს – დიდი ხანია ბევრის გამოკითხვა სოციოლოგიაში თვითმიზანი არაა, მთავარია სწორად გამოიკითხო. მეთოდოლოგია[1], მოსაწყენია და აქ არ მოვყვებით, მაგრამ კვლევა წესების დაცვით ჩავატარეთ. თუ დაგაინტერესებთ, მოგვწერეთ და აგიხსნით.

საინტერესო ამბები გავიგეთ და გვინდა, თქვენც გაგიზიაროთ.

ახალგაზრდობა, იმედი ხვალის! 

ახალგაზრდობის შესახებ მიგნებებით დავიწყოთ: 18-25 წლის ამომრჩევლის გულის მოგებას ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს. ახერხებს კი?! აი, რა აღმოვაჩინეთ:

თურმე, 18-25 წლის ახალგაზრდები ან ძალიან იშვიათად უყურებენ ტელეარხებს, ანდა საერთოდ არ უყურებენ. არადა პოლიტიკოსების დიდი ნაწილი სწორედ ტელევიზიას ახარჯავს თავის სასრულ ენერგიას.  

ამ ჯგუფისთვის ინფორმაციის მიღების წყარო ინტერნეტია, ინტერნეტში კი Instagram-სა  და Facebook-ის მეგობრების პროფილები. ამ წინასწარ, ალგორითმის მიერ დახარისხებულ საინფორმაციო ველში პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდობა უმცირესობაა. სოციალურ ქსელში თუ ასეთი მეგობრები არ ჰყავთ, ახალგაზრდები ინტერნეტში ნაკლებად ხედავენ მიმდინარე ან პოლიტიკურ ამბებს.

მათი დილა „გაჯეტის სქროლვით“ იწყება. იქ კი პოლიტიკოსები თითქმის არ ჩანან.

ქვეყანაში მიმდინარე ამბებს ახალგაზრდები ხშირად უფრო მეტად მშობლების ან ბებია-ბაბუის მონათხრობიდან იგებენ,  რადგან მიიჩნევენ, რომ „ეს მათ ჯერ არ ეხებათ“, მიუხედავად იმისა, დადიან თუ არა არჩევნებზე.

დემოკრატიის შესახებ წარმოდგენებით დავიწყოთ და ცოტა ციფრებსაც შევბედოთ:

  • ყოველი ათი გამოკითხულიდან ცხრა ახალგაზრდა მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკური კონკურენცია ჩვენი ტრადიცია არ არის. არადა ათიდან ექვსს სჯერა, რომ სწორედ ესაა დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ნიშანი;
  • მხოლოდ ყოველი მეორე მიიჩევს, რომ სუსტის დაცვა, სიტყვის თავისუფლება და ტოლერანტობა ჩვენი წესია, არადა აბსოლუტური უმეტესობა სწორედ ასეთ ტრადიციას აღიქვამს დემოკრატიულად;
  • ყოველი ათიდან შვიდი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ საქართველო დღეს სუსტი და ღარიბია ქვეყანაა, რომლის მართვაში ავტორიტარული ტენდენციები შეინიშნება.

რა გავლენას ახდენს ეს ხედვები პოლიტიკაზე? დავითვალოთ: საქართველოში 18-25 წლის ასაკის 344 455 მოქალაქე გვყავს. ეს მთლიანი მოსახლეობის 9,3%-ია, ხოლო საარჩევნო ასაკის მოქალაქეების 12,1%. მათი ნახევარიც რომ მივიდეს არჩევნებზე, სერიოზული როლის თამაში შეუძლიათ. ეს ციფრი წინასაარჩევნო კვლევების ცდომილებაზე (და ბევრი პარტიის რეიტინგზე) მაღალი რომაა, დაგვეთანხმებით.

არადა, ჩვეულებრივ, ჩვენი ეს მოქალაქეები:

  • ფიქრობენ, რომ მათ ინტერესს არავინ წარმოადგენს პარლამენტში;
  • ფიქრობენ, რომ არჩევნები „ვინდოუსის გადაყენებას“ უნდა ჰგავდეს და არჩევნების შემდეგ ყველაფერმა გაცილებით სწრაფად და უკეთ უნდა იმუშაოს;
  • სჯერათ, რომ არჩევნები განახლებაა;
  • ფიქრობენ, რომ პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია ბრტყელ ეკრანზე ცოტაა და ნელი;
  • ფიქრობენ, რომ ქვეყანა სადაც ცხოვრება სურთ, ისეთი განათლების შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს, რომ მსოფლიოს წამყვან სამუშაო ადგილებზე შეძლონ განაცხადის გაკეთება;
  • ფიქრობენ, რომ საქართველოს მთავრობამ ისე უნდა იმუშაოს, რომ  მათ ამ ქვეყნიდან და ამ ქვეყანაშივე უნდა შეეძლოთ მსოფლიო სიკეთეების მიღება.

ჩვენ ჩვენი გვითქვამს. აღიჭურვეთ მოთმინებით და ესაუბრეთ მათ, მათსავე ენაზე!


[1] კვლევა ჩატარდა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. რაოდენობრივი კვლევისთვის მონაცემები ელექტრონული გამოკითხვით მოვაგრვეთ, ხოლო თვისებრივი კვლევის მონაცემები ფოკუს-ჯგუფებით. სულ 6 ფოკუს-ჯგუფი საქართველოს მასშტაბით და რაოდენობრივი კვლევა 589 რესპონდენტის მონაწილეობით. ასეთი იყო საველე სამუშაოების სურათი.

კვლევა დაფინანსებული იყო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (EWMI-ACCESS) ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისაა და შეიძლება არ ასახავდეს დამფინანსებელი ორგანიზაციების პოზიციას.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button