skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

15 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ისინი ოკუპირებული რეგიონიდან ცოტა ხნის წინ გადმოასვენეს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის წევრებთან ერთად, ომის დროს დაღუპულებს პატივი მიაგო, მათ ოჯახებს მიუსამძიმრა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მადლობა გადაუხა. გახარიამ დახმარებისთვის მადლობა „აფხაზ ძმებსაც“ გადაუხადა.  

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 13 პირის, მათ შორის, 8 სამხედროსა და 5 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი. ორი სამხედრო დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, ხოლო დანარჩენი გარდაცვლილები, მათი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან თანამშრომლობით, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა.

იდენტიფიკაცია იმ სააკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც წითელი ჯვრის მხარდაჭერით 2010 წელს ჩამოყალიბდა და რომლის მიზანიც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების იდენტიფიკაციაა.

საქართველოს მთავრობამ სამხედრო ძალები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წლის 14 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, გაგზავნა. თუმცა, სამთავრობო ძალებს 1993 წლის სექტემბერში რეგიონიდან გამოსვლა მოუხდათ. არსებული ინფორმაციით, 13 თვიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 300 000 პირი, ძირითადად ეთნიკური ქართველები, დევნილად იქცა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button