skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ლიდერებმა აფხაზეთის ომის დაწყებიდან 28-ე წლისთავი გაიხსენეს

საქართველოს ლიდერებმა 14 აგვისტოს აფხაზეთში 13-თვიანი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 28-ე წლისთავი აღნიშნეს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, გელა გიორგაძემ და კონფლიქტების საკითხებში ირაკლი გოგიბერიძემ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც შერიგების საკითხებში ახალდანიშნულ მინისტრთან, თეა ახვლედიანთან ერთად, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, განაცხადა, რომ „აფაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია ქართველების, აფხაზებისა და ოსების საერთო ტრაგედიაა“.

„მაგრამ ეს პროცესი არის დროებითი და ის აუცილებლად დასრულდება მშვიდობიანი დეოკუპაციით. ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობის ფასი და გვჯერა, რომ მშვიდობიანი გზით საქართველოს გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კონფლიქტის წლისთავთან დაკავშირებით კომენტარი გურჯაანში გააკეთა, სადაც ის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენას დაესწრო და აღნიშნა, რომ „დღეს არის ის დღე, როდესაც ჩვენი მძიმე წარსული უნდა გავიხსენოთ“.

„28 წლის წინ, სოხუმში დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი“, – განაცხადა გახარიამ, „ეს ის წერტილი იყო, საიდანაც დაიწყო საქართველოს ოკუპაცია“.

„ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ მხოლოდ და მხოლოდ ორი გზით – მშვიდობით და შრომით. ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, [იმისთვის], რომ ჩვენი ძმებისთვის გავხდეთ კიდევ უფრო მიმზიდველნი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ სამხედრო ძალები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1992 წლის 14 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, გაგზავნა. თუმცა, სამთავრობო ძალებს 1993 წლის სექტემბერში რეგიონიდან გამოსვლა მოუხდათ.

არსებული ინფორმაციით, 13-თვიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 300 000 პირი, ძირითადად ეთნიკური ქართველები, დევნილად იქცა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button