ახალი ამბები

ბჟანიას თანაშემწის მიერ გამშვები პუნქტის ჭიშკრის შენგრევის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 

აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ასლან ბჟანიას პრესსამსახურის 10 აგვისტოს განაცხადებით, აფხაზური მხარე „რუს კოლეგებთან ერთად“ იმ ინციდენტს იძიებს, რომელშიც საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ბჟანიას თანაშემწე, ახრა ავიძბა მონაწილეობდა.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ნაჩვენებია, რომ 7 აგვისტოს ავიძბამ საკუთარი Toyota Land Cruiser 200-ის ტიპის ავტომობილით ფსოუს გამშვები პუნქტის ჭიშკარი შეანგრია და აფხაზეთში ძალით მას შემდეგ შევიდა, რაც სხვადასხვა სახის გადასახადებისა და საგზაო ჯარიმების გადაუხდელობის გამო მას რუსეთის დატოვების უფლება არ მისცეს.

სოჭში დაბადებული 34 წლის ეთნიკური აფხაზი ახრა ავიძბა 2014 წელს დონეცკში ადგილობრივ მეამბოხეებთან ერთად, უკრაინული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. მას მეტსახელად „აფხაზი“ შეარქვეს. ასლან ბჟანიამ ავიძბა თავის თანაშემწედ 11 ივნისს დანიშნა.

ინციდენტზე საუბრისას, ავიძბამ თქვა, რომ მან გამშვები პუნქტის გავლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „საზღვარზე“ ხუთი საათი გააჩერეს. რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან РБК-სთან ინტერვიუში ავიძბამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი რუსი მესაზღვრე „პროვოკაციულად“ იქცეოდა და დასძინა: „მილიარდიანი ვალიც რომ მქონოდა, დიპლომატიური პასპორტი არ აძლევს მათ უფლებას, რომ გამაჩერონ და შეტყობინება აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მისწერონ“.

რუსული სოციალური ქსელის, Telegram-ის არხის – „აპელსინის“ ინფორმაციით, რუსეთში ავიძბას წინააღმდეგ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322.1 მუხლით საქმეა აღძრული, რაც რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს და ისჯება 200 000 რუბლის ოდენობის ჯარიმით, ორ წლამდე ვადით სავალდებულო შრომით ან ორ წლამდე პატიმრობით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button