მოსაზრებაწერილები

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი: რას ვიხსენებთ ყოველი წლის აგვისტოში?

ავტორი: გიორგი ფანიაშვილი 11 წელია დიპლომატიურ სამსახურშია. წინამდებარე წერილი მის პირად აზრს გამოხატავს.


2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის აღსანიშნავ წლისთვს ოფიციალური თბილისი ყოველწლიურად ეხმაურება განსხვავებული აქცენტების, ტონის, მოცულობისა თუ შინაარსის განცხადებებით.  2008 წლის აგვისტოს მოვლენების წლისთავთან დაკავშირებული საქართველოს განცხადებების არა თანმიმდევრული, ცვალებადი და მცირედით გადატვირთული ხასიათი ხშირად გაურკვევლობასა და დაბნეულობას იწვევს ხოლმე, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე – საზოგადოებაში.  

ამ მხრივ, გამონაკლისი არც წლევანდელი წლისთავი ყოფილა. თუ გადავხედავთ პრეზიდენტის, პრემიერისა და საგარეო უწყების გამოხმაურებებს ომის წლისთავთან დაკავშირებით, დასმული აქცენტებით, ტონით, შინაარსითა და ადრესატებით ისინი თვალშისაცემად განსხვავდებიან, როგორც ერთმანეთისგან, ისე გასულ წელს გაკეთებული განცხადებებისაგან. მაგალითად, წლეულს ომის წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში პრეზიდენტმა რუსეთის სამხედრო აგრესია და ოკუპაცია კავკასიურ ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა და აქცენტი ქვეყნის განვითარებისა და საგარეო კურსის შეუქცევადობაზე გააკეთა, მაშინ, როდესაც პრემიერმა დაღუპული ჯარისკაცები და მოქალაქეები გაიხსენა. საგარეო უწყებამ კი თავის ტრადიციულ ოფიციალურ გამოხმაურებაში ყურადღება გაამახვილა ყველაფერზე ერთად და არაფერზე ცალ-ცალკე, ამიტომ თუ პრეზიდენტის და პრემიერის შემთხვევებში განცხადებების ადრესატები მეტნაკლებად გასაგები იყო, დიპლომატიური უწყების განცხადების ადრესატი განცხადების მოცულობამ და შინაარსის გადატვირთულობამ ჩაყლაპა.

მაშინ, როდესაც ომის წლისთავის აღმნიშვნელი განცხადებებით პრეზიდენტმა უფრო რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, პრემიერმა-  ომით დაზარალებულ მოსახლეობას, ხოლო საგარეო უწყებამ კი, მხოლოდ საგარეო უწყებამ უწყის – ვის, ამასობაში საკმაოდ საინტერესო, უბრალო, მოკლე და მოსახლეობისთვის ყველაზე უფრო გასაგები ვიდეოგზავნილი გაავრცელა ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა. ამასთან, მოკლე, მწყობრი, გასაგები და აქცენტირებული იყო ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების გამოხმაურებებიც.

ნებისმიერი ამგვარი მოვლენის აღნიშვნა, როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეროვნული ინსტიტუციური მეხსიერების თვალსაზრისით, არამედ ფასეულია, როგორც სამოქალაქო-პოლიტიკური მზადყოფნის ამაღლების, ისე კონფლიქტის მოგვარებისა და მომავალში მისი თავიდან აცილების მხრივაც. ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც იყო ან არის ხელისუფლებაში, ურიგო არ იქნებოდა უკეთ გარკვევა იმაში, თუ რას ვიხსენებთ და აღვნიშნავთ ყოველწლიურად, აგვისტოს დასაწყისში და ამის შესაბამისად, გამოგვეცხო განცხადებები, შეგვეზავებინა პოზიციები და შეგვერჩია ტონი.

ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩამოვყალიბდეთ თუ ვინ არის აგვისტოს მოვლენების წლისთავთან დაკავშირებული სახელმწიფო განცხადებების ძირითადი ადრესატი, ანუ ვინ არის სამიზნე აუდიტორია, რამაც დიდწილად უნდა განაპირობოს განცხადების სტილისტიკა, მოცულობა და ენა.

წელს, საქართველო მე-12 წლისთავს აღნიშნავს 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენებიდან. ეს მოვლენები მოიხსენიება, როგორც რუსეთის სამხედრო აგრესია, რუსეთ-საქართველოს ომი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, კონფლიქტი საქართველოში, აგვისტოს ომი, თუმცა, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის,  ეს მოვლენები მაინც 2008 წლის აგვისტოს ომად დაილექა საერთოეროვნულ მეხსიერებაში.  2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების, მიმდინარეობისა და დამდგარი შედეგების თემატიკა დღესაც არის დისკუსიების საგანი, როგორც შეფასების მხრივ, ისე წმინდა ემოციურ და ფილოსოფიური დამოკიდებულების კონტექსტში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის ირგვლივ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, 12 წელი საკმარისზე მეტი დროა, რათა ვიცოდეთ თუ რას ვიხსენებთ ყოველი წლის აგვისტოში და რატომ:

რუსეთის სამხედრო აგრესია

პირველ რიგში, ამ თარიღს უნდა შევხედოთ მოქალაქეების გადმოსახედიდან, იმ მოქალაქეების, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ან/და შეეხოთ ეს მოვლენები პირდაპირ თუ ირიბად და არა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების, კარასინი-აბაშიძის ფორმატის ან „სააკაშვილმა დაიწყო ომი“ პერსპექტივიდან.

ამ მხრივ, მოქალაქეებს ახსენდებათ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და ნგრევა, სახლ-კარის დატოვება და იძულებითი გადაადგილება, შიში და წუხილი. ჩვეულებრივ მოქალაქეს იქვე ახსენდება, რომ შეიარაღებული რუსი სამხედროები კვლავ რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე და რომ ამ ტერიტორიებზე მათი გადაადგილება აკრძალულია ან უკიდურესად საშიშია. უფრო სამართლებრივად რომ ვთქვათ, მათ ახსენდებათ სამხედრო ოკუპაციის მიმდინარე ხასიათი.

სწორედ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია და მიმდინარე ოკუპაცია არის პირველი, რაც მკაფიოდ უნდა გავიხსენოთ ყოველი წლის აგვისტოში.

ჩვენთვის საკმაოდ ტრაგიკული და არასასიამოვნო მოვლენების გახსნება საჭიროა იმისთვის, რათა არ მოვდუნდეთ  და გვახსოვდეს, რომ მძიმე პრობლემა კვლავ მოუგვარებელი და საფრთხის შემცველია. თუ უფრო სიღრმეებში წავალთ, ამ თარიღმა ასევე მეტად უნდა დაგვაფიქროს იმაზე, რომ მომავალში მსგავსი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

სამხედრო და სამოქალაქო წინააღმდეგობა

აგვისტოში მოქალაქეებს აუცილებლად ახსენდებათ ის ჯარისკაცები, პოლიციელები და სამოქალაქო პირები, რომელთაც წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის სამხედრო აგრესიას, რომლებიც დაიღუპნენ და დაშავდნენ მასთან ბრძოლაში. წმინდა ემოციურად, ომის წლისთავი არის წინააღმდეგობის მსხვერპლთა გახსენება და მათი პატივისცემა. სახელმწიფოებრივად და თუნდაც სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიამაყოთ ჩვენს მიერ გაწეული წინააღმდეგობით, არამედ იმიტომაც, რომ გავაანალიზოთ რა შეცდომები და ჩავარდნები იქნა დაშვებული პოლიტიკური, სამხედრო თუ სამოქალაქო წინააღმდეგობის გაწევისას, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ მაინც მსგავს შეცდომათა დაშვების რისკი. აქვე უნდა გაგვახსენდეს, რომ სამხედრო მზადყოფნა ერთადერთი და უალტერნატივო საშუალება არაა წინააღმდეგობის გასაწევად და მითუმეტეს კონფლიქტის გრძელვადიანად მოსაგვარებლად.

დევნილები და ჰუმანიტარული  შედეგები

ჩვეულებრივ, ომის წლისთავზე ის ათასობით ადამიანი გვახსენდება, რომელთაც მძიმე პირობებში მოუწიათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება და დღემდე ვერ ახერხებენ შინ დაბრუნებას. ხანდახან გვახსენდება ის ადამიანებიც, რომლებიც საკუთარი მხნეობისა და მოქნილობის ხარჯზე დარჩნენ გამყოფის ხაზის მეორე მხარეს. გვეფიქრება ომით გამოწვეული ნგრევა, ჩამოშლილი ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა და განათლება. აგვისტოს დღეებში ამ ადამიანებისა და მიღებული ზიანის გახსენებამ თავის მხრივ, მეტად უნდა დაგვაფიქროს შერიგების, კომპრომისების ძიების, თანასწორობისა და დევნილების ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

ადრესატი

2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავის აღსანიშნავი სახელმწიფო განცხადებების ადრესატი, ალბათ, პირველ რიგში, უნდა იყოს მოსახლეობა და შემდეგ – საერთაშორისო თანამეგობრობა. თუ უპირველესი ადრესატი იქნება მოსახლეობა, მაშინ განცხადება/მიმართვა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე, გასაგები, აქცენტირებული და მარტივი, რათა ადრესატსა და სახელმწიფოს შორის ამ მნიშვნელოვანი თარიღის გახსენებისას ემოციური ბმა იოლად შედგეს. რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც მეორე, მნიშვნელოვან ადრესატს, აქაც მიმართვის სირთულე, მოცულობითობა და თავზეხელაღებული საერთაშორისო სამართლებრივი ექსპედიციები მხოლოდ გაუგებრობასა და დაბნეულობას წაახალისებს ამ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი წლისთავის მიმართ აგვისტოს ცხელ დღეებში.

ბოლოთქმის მაგიერ

თუ სახელმწიფო მკაფიოდ გაიაზრებს, რას იხსენებს და რატომ, ყოველწლიურად, აგვისტოს დასაწყისში და ნათლად განსაზღვრავს გახსენების ობიექტს, კონტექსტსა და ადრესატებს, ამით ის ხელს შეუწყობს ეროვნული ინსტიტუციური მეხსიერების ჩამოყალიბებას. ამავე დროს, მნიშვნელოვანი თარიღის გახსენებისას, იგი ამით ემოციურ კავშირსაც დაამყარებს საკუთარ მოსახლეობასთან და უკეთეს გზავნილსაც მიაწვდის ჟენევის თანათავმჯდომარეებს.

ასევე ნახეთ:

მსგავსი/Related

Back to top button