ახალი ამბები

უკრაინა რუსეთს: „შეწყვიტე სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ უკრაინა „მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის 7 აგვისტოს დაწყებულ სამხედრო აგრესიას, საქართველოს სუვერენული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, ასევე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ამ რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს“.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე „ბორდერიზაცია“, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს საქართველოს მოქალაქეების სისტემატური დაკავებები და გატაცებები, მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით უკიდურესად რთული ვითარება, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის 12 წლიანი ოკუპაციის მთავარი „მიღწევებია“, – აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.

ამავე განცხადებით, „უკრაინა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი სამხედრო ძალები და ამ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო და ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების დაუბრკოლებელი დაშვება უზრუნველყოს“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას „გააძლიეროს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რათა იაძულონ ის შეწყვიტოს აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ და მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button