ახალი ამბები

აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლებული სამი თანამშრომელი სამსახურში აღადგინეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოდან“ 30 ივლისს გათავისუფლებული სამი თანამშრომელი – ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე მენეჯმენტმა სამსახურში აღადგინა. მაუწყებლის „ალტერნატიული პროფკავშირის“ ინფორმაციით, მხარეებს შორის „საბოლოო სახის წერილობითი შეთანხმება“ 5 აგვისტოს გაფორმდა.

მათგან ორი – ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე მაუწყებელში წინანდელისგან განსხვავებულ მოვალეობას შეასრულებენ და პროდიუსერისა და რეჟისორის თანამდებობებს დაიკავებენ, გუგა ქადიძე კი – კვლავ მემონტაჟის საქმიანობას განაგრძობს. გათავისუფლებამდე ბაჩო გურაბანიძე დილის გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი, ხოლო გიორგი მურვანიძე შემოქმედებითი სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

აჭარის მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბაჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე სამსახურიდან 30 ივლისს გაათავისუფლეს. მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილების მიზეზად ტელევიზიაში 1 ივლისს მომხდარი დაპირისპირება დაასახელა.

თავად გათავისუფლებული თანამშრომლები კი ამბობდნენ, რომ ისინი სამსახურიდან არა ამ ინციდენტის, არამედ ახალი ხელმძღვანელობის მიმართ მათი კრიტიკული დამოკიდებულების გამო გაუშვეს.

მაუწყებლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, წინ გათავისუფლებული თანამშრომლების მიმართ კოლეგების სოლიდარობა უძღოდა. 3 აგვისტოს მაუწყებლის 230-მა თანამშრომელმა გათავისუფლებულების მხარდასაჭერად ხელმოწერები შეაგროვეს და ხელმძღვანელობას მათი სამსახურში აღდგენა მოსთხოვეს.

ამ მოთხოვნიდან მეორე დღეს, 4 აგვისტოს, მაუწყებლის მენეჯმენტმა განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ხელმძღვანელობამ გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

სამსახურში დაბრუნებულმა თანამშრომლებმა კოლეგებს გამოცხადებული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადეს და თქვეს, რომ მათი სამსახურში აღდგენა სწორედ ამ საერთო ძალისხმევის შედეგია.

„არ გეგონოთ, ჩვენი დაბრუნებით ტელევიზიაში შავ-თეთრი ფერები გაფერადდა… ბრძოლა გრძელდება“, – დაწერა Facebook-ზე გიორგი მურვანიძემ.

„მე ტელევიზიიდან მენეჯმენტმა გამიშვა და 230 -მა ადამიანმა დამაბრუნა, ჩემი სურვილით არც წავსულვარ და არც ვბრუნდები“, – თქვა ბაჩო გურაბანიძემ.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button