skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობაში რუსეთთან მიმოსვლის აღდგენაზე აზრთა სხვადასხვაობაა

ოკუპირებული აფხაზეთის „პრემიერ-მინისტრმა“, ალექსანდრე ანქვაბმა 3 აგვისტოს რუსეთთან მიმოსვლის აღდგენაზე განსხვავებული აზრის მქონე აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემის რამდენიმე თანამდებობის პირს „დაუყოვნებლივ გადადგომისკენ“ მოუწოდა.

ანქვაბმა „ჯანდაცვის სამინისტრო“ და კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის წარმომდგენლები, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები – ალხას კონჯარია და ალისა არძინბა „პროვოკაციული“ და „პანიკის“ შემცველი განცხადებების გამო გააკრიტიკა.

ანქვაბის გაღიზიანება სამედიცინო სფეროსა და „ჯანდაცვის სამინისტროს“ წარმომადგენლებს შორის რუსეთთან მიმოსვლის განახლების საკითხზე გამართულმა შეხვედრამ გამოიწვია, რომელიც 2 აგვისტოს შედგა.

შეხვედრაზე „ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ“ ალხას კონჯარიამ თქვა, რომ რუსეთთან მიმოსვლის აღდგენა „მოულოდნელი“ იყო.

კონჯარიამ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციასთან მიმოსვლის აღდგენა არა ეტაპობრივად, არამედ უეცრად მოხდა. მანვე დასძინა, რომ საკოორდინაციო საბჭო საზღვრის ეტაპობრივად გახსნის შესაძლებლობას განიხილავდა. ამასთან, მისი თქმით, აფხაზეთში ვიზიტის მსურველებს კოვიდ-19-ზე ჩატარებული ტესტის დამასტურებელი დოკუმენტი წარდგენის ვალდებულება უნდა ჰქონოდათ.

„ჩვენთან, ადგილობრივ მოსახლეობაში, ვირუსის მასშტაბურად გავრცელება და გუდაუთის საავადმყოფომ გადავსება რუსეთთან საზღვრის გახსნამდე  დაიწყო. ყოველდღიურად ჩვენ დაახლოებით 8-10 ახალ პაციენტს ვავლენთ და უკვე ამ ეტაპზე ვხვდებით, რომ დაავადებულების ამ ნაკადთან გამკლავება უკიდურესად რთული იქნება. თუკი ჩვენივე მოსახლეობის რაოდენობას ჩამოსულების რიცხვს დავამატებთ, ჩვენ უბრალოდ ჩიხში შევალთ და შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერც ჩვენს მოქალაქეებს და ვერც სხვებს გავუწევთ“, – თქვა მან.

ამავე შეხვედრაზე, „დეპუტატმა“ ალხას ჯინჯოლიამ, რომელიც ოპერატიული შტაბის წევრიცაა, თქვა, რომ ფსოუს გამშვებ პუნქტზე, რომელიც რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს, შეზღუდვები საჭირო იყო.

შეხვედრის მონაწილეების საპასუხოდ, ანქვაბმა განაცხადა, რომ ოპერატიული შტაბის წევრები რუსეთთან მიმოსვლის აღდგენაზე აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ საქმის კურსში დიდი ხნის წინ  იყვნენ.

ანქვაბმა ისიც თქვა, რომ აფხაზეთის „ჯანდაცვის სისტემაში“ კადრებისა და გამოწვევების საპასუხოდ სრულ მზაობასთან მიმართებით არსებული „ობიექტური“ პრობლემები „სენსაციური სიახლე“ არ არის. „თუკი [ჯანდაცვის სისტემაში] არსებული ვითარება, ზოგიერთი თანამდებობის პირისთვის აღმოჩენაა, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება – ისინი ცუდი ხელმძღვანელები არიან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ სად და რად მუშაობენ“.

ანქვაბის საპასუხოდ, აფხაზეთის „ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ“ ალხას კონჯარიამ 3 აგვისტოს თქვა, რომ სამინისტრო მიმოსვლის აღდგენის წინააღმდეგი არ არის. „[2 აგვისტოს შეხვედრაზე] სახელმწიფო საზღვრის გახსნის საკითხი არ განხილულა, ჩვენ მხოლოდ ეპიდემიოლოგიური წესებისა და ნორმების მკაცრ დაცვაზე, ასევე გუდაუთის საავადმყოფოს საჭირო რესურსებით გაძლიერებასა და რუს კოლეგებთან თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ“.

კოვიდ-19-ის კრიზისმა და შესაბამისმა შეზღუდვებმა აფხაზეთის ეკონომიკაზე, რომელიც, ძირითადად, ტურიზმიდან და სოფლის მეურნეობიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ივნისის დასაწყისში, ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ თქვა, რომ რეგიონის მთავარმა ფინანსურმა მხარდამჭერმა – რუსეთმა – ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ექვსი თვით შეაჩერა, რის შედეგადაც, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი გაჩერდა ან გადაიდო.

1 აგვისტოს, აფხაზეთისა და რუსეთის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე ფსოუს გამშვებ პუნქტზე ოთხთვიანი შეზღუდვა მოიხსნა და მოქალაქეების მიმოსვლა სრულად აღდგა.

პარალელურად, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებას მარტის შუა რიცხვებიდან რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტი ამ დრომდე ჩაკეტილი აქვს.

ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 98 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 37 პაციენტი უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა. რეგიონში მხოლოდ 21 ივლისის შემდეგ კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button