ახალი ამბები

პროკურატურამ დეპუტატის შვილს ძალადობისთვის ბრალი ტელეგადაცემის შემდეგ წარუდგინა

პროკურატურამ 13 ივლისს განაცხადა, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, კობა კობალაძის ვაჟს, დავით კობალაძესა და კიდევ ხუთ პირს მოქალაქის მიმართ 24 ივნისს მომხდარი ძალადობისა და მისი ჯანმრთელობის დაზიანების გამო წაუყენეს ბრალი.

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.

სამართალდამცველებმა საქმეზე 6 პირი 11 ივლისს, მომხდარიდან 17 დღეში დააკავეს.

მანამდე, 10 ივლისს, მაყურებელს მომხდარი ამბის შესახებ „ტელეკომპანია პირველმა“ აცნობა. ჟურნალისტების თქმით, ინციდენტში ოცნების „გავლენიანი დეპუტატის“ შვილი მონაწილეობდა.

პროკურატურის თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2020 წლის 24 ივნისს, თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარედ, დავით კობალაძე და კიდევ ხუთი ბრალდებული, რომელთაც პროკურატურა მხოლოდ ინიციალებით ასახელებს, შურისძიების მოტივით დაესხნენ გ.ე. ინიციალებით იდენტიფიცირებულ მოქალაქეს. პროკურატურა ამბობს, რომ ოთხმა მათგანმა, დავით კობალაძის ჩათვლით, ხელით სცემა გ.ე-ს, ხოლო ორმა — ბასრი საგნებით მიაყენა დაზიანება.

პროკურატურა ორ უკანასკნელს  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით სდევნის, ერთს – ჯგუფური ძალადობისა და განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების მუხლით, დავით კობალაძეს და კიდევ ერთ ბრალდებულს – ჯგუფურ ძალადობას უყენებს ბრალად, ერთს კი მძიმე დანაშაულის „წინასწარ შეუპირებლად დაფარვას“.

უწყების განმარტებით, ერთი პირი გამოძიებას თავს არიდებს და მისი ძებნა გამოცხადდება.

პოლიტიკური მხარე

ფიზიკურ ძალადობაში შვილის სავარაუდო მონაწილეობაზე მმართველი პარტიის დეპუტატმა, სახმელეთო ჯარებისა და ეროვნული გვარდიის ყოფილმა სარდალმა კობა კობალაძემ თქვა, რომ სიმართლე სასამართლოში გაირკვევა და მიუთითა, რომ მისი შვილი საგამოძიებო ორგანოში თავისი ნებით გამოცხადდა.

ჟურნალისტების ნაწილის თქმით, რომ არა სატელევიზიო გადაცემა, კობალაძის შვილს ბრალს არ წაუყენებდნენ.

„თქვენ ტირაჟირებთ ტყუილს. სიმართლე გაირკვევა სასამართლოზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ და თქვენს დამკვეთს სურვილი გაქვთ, რომ სიმართლეზე ზევით იდგეთ, უკაცრავად და ასე არ არის“, – უთხრა მან ჟურნალისტებს კითხვის პასუხად, არის თუ არა ქვეყანაში შერჩევითი სამართალი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button