ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო „რუსეთის მიერ მართული ძალების“ მხრიდან „პროვოკაციულ ქმედებებს“ გმობს

Tags

საქართველოში აშშ-ის საელჩო „შეწუხებულია და ღრმა შეშფოთებას“ 11 ივლისს „რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან“ ცხინვალის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების გამო.

„ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ“, – ვკითხულობთ საელჩოს მიერ 12 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

„ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება“, – დასძენენ დიპლომატიურ უწყებაში.

მოუწოდებს რა საქართველოს მოქალაქის „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებისკენ, საელჩო აცხადებს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“.

„მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 11 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და უკანონოდ დააკავეს.

დაგმო რა მომხდარი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, რომ „მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების აღსაკვეთად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button