Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო საფრანგეთს, გერმანიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს საზღვრებს უხსნის

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, 8 ივლისს, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა – ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო – ის პირველი ქვეყანა იქნება, რომელთაც საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილ საზღვრებს უპირობოდ გაუხსნის.

ჩიქოვანის თქმით, ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეები და რეზიდენტები საქართველოში ყველა სახის ვიზიტით ჩამოსვლას შეძლებენ, თუმცა მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელშიც შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიას, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრულ ადგილსამყოფელს, საკონტაქტო და სხვა სახის ინფორმაციას მიუთითებენ.

ამასთან, საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ PCR ტესტი ჩაუტარდებათ.

პრემიერის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელების შესახებ. გარდა ამისა, მისივე თქმით, მუშაობა AirBaltic-სა და AirFrance-თანაც მიმდინარეობს.

ჩიქოვანისვე განმარტებით, საქმიანი ვიზიტები შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება. ამასთან, საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულმა სტუმრებმა ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი ხარჯებით კოვიდ-19-ზე PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ ან სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი გაიარონ.

საყურადღებოა, რომ ევროკავშირის ქვენებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

პრემიერის პრესსპიკერმა ასევე დასძინა, რომ მთავრობას საზღვრების გახსნის თაობაზე, ორმხრივი მოლაპარაკებები ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთანაც აქვს, თუმცა ვისთან, მას არ დაუკონკრეტებია.

ესპანეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნის შესახებ განაცხადეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ეს ქვეყნები საზღვრებს მათთვისაც გახსნიან.

ჩიქოვანმა ისიც განმარტა, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვრებს არ ხსნიან: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. შესაბამისად, მათთან ფრენების თვალსაზრისით, არსებული სტატუს კვო ნარჩუნდება. თუმცა, ჩიქოვანის თქმით, უნგრეთთან ერთობლივი შესაბამისი კომისია ამოქმედდა, რომელიც მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე მუშაობს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ტურიზმისთვის საზღვრები 1 ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა, მოგვიანებით, საზღვრების გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა 18 მარტს აიკრძალა.

საქართველოში კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button