Placeholder canvas
ახალი ამბები

სენატორი რიში აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში საქართველოზე შესწორების შეტანის ინიციატივით გამოდის

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში გამოდის ინიციატივით, აშშ-ის 2021 წლის ეროვნული თავდაცვის აქტში შესწორება შევიდეს, რომლის თანახმადაც, საქართველოს შემდგომი მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

რიშის მიერ 26 ივნისს შემოთავაზებული შესწორება ადასტურებს „აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს“, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება კეთილ ნებას გამოიჩენს კარგი მმართველობის, ეკონომიკური და ანტი-კორუფციული რეფორმების გასატარებლად.

შესწორების თანახმად, აშშ-ის სენატი „მოუწოდებს [საქართველოს] მთავრობას, გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესების გზით, მათ შორის, ყველა ინსტანციაში მოსამართლეების დანიშვნის უფრო გამჭვირვალე პროცედურების შემოღებით; ასევე, მოუწოდებს მას, შეწყვიტოს მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ ან მათდამი ლოიალური მოსამართლეების დანიშვნა.

შესწორება ასევე მოიცავს ჩანაწერს „პოლიტპატიმრების“, მათ შორის, გიორგი რურუას შესახებ.

„დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ქართული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ [რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას] დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო“, – ნათქვამია შესწორებაში.

დოკუმენტის თანახმად, „აშშ-ის სენატი აღიარებს მომავალი არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს პარლამენტისთვის და მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩაატარონ, 8 მარტს შეთანხმებული წესების შესაბამისად“.

თავდაცვის აქტში შესასვლელად შესწორებას აშშ-ის სენატის დამტკიცება სჭირდება.

წაიკითხეთ ასევე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button