skip to content
ახალი ამბები

EMC სუს-ში რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 30 მაისს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ამ გამოძიებას, შესაძლოა, „სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის მიზანი შეიძლება გააჩნდეს“.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ პრობლემურად მიიჩნევენ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თამთა მიქელაძის საგამოძიებო უწყებაში „გამოსაკითხი პირის სტატუსით“ დაბარებასაც და აღნიშნულს „სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის გამოვლინებად“ აფასებენ.

ორგანიზაცია ასევე გამოთქვამს ეჭვს, რომ სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება არა „ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების ლიდერებს“ მიემართება, რომლებიც „ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ სიძულვილის ენას ღიად იყენებენ“, არამედ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც „ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებზე და წუხილებზე საუბრობენ“.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ საგამოძიებო უწყებაში სამოქალაქო აქტივისტებისთვის დასმული კითხვების შინაარსისა და ფორმულირების „პრობლემურობაზეც“ მიუთითებს და განმარტავს, რომ ისინი „აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემოწმებისა და კონტროლის განცდას“ აჩენდა.

ამასთან, ორგანიზაციისვე შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტივისტებს დასმული კითხვებით, თითქოს, ეთიკურ ჯგუფებს შორის „დაძაბულობის შექმნაში“ ადანაშაულებს. აღნიშნული, EMC-ის განმარტებით, იმაზე მიუთითებს, რომ გამოძიება სამოქალაქო აქტივისტებისა და „შოვინისტურ, რასისტულ კამპანიაში ჩართული ადამიანების მიმართ, ერთგვაროვან მიდგომებს იყენებს“.

ორგანიზაციაში „ულტრა-კონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ინციდენტების მიმართ“ ხელისუფლების „აშკარა სამართლებრივ ლოიალობაზეც“ მიუთითებენ.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებით, მნიშვნელოვანია:

  • სუს-მა საჯაროდ დააზუსტოს გამოძიების მიზანი და განმარტოს, თუ კონკრეტულად რომელ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს იგი. აგრეთვე, არ დაუშვას გამოძიების პროცესში სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და საქმიანობის თვითნებური შემოწმებისა და დაბარების პრაქტიკა;
  • მთავრობამ სამოქალაქო ინტეგრაციისთვის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაფუძნებული სადისკუსიო სივრცე შემქნას. აგრეთვე, გაიაზროს თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული დანაშაულების სუს-ის საგამოძიებო განსჯადობაში მოთავსების პრობლემურობა და შეცვალოს აღნიშნული წესი;
  • სახალხო დამცველმა სუს-ში მიმდინარე გამოძიების პროცესს მონიტორინგი გაუწიოს და საკუთარი შეფასებები საზოგადოებას დროულად გაუზიაროს.

არასამთავრობოების გამოხმაურება

თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას დღეს ცალკე განცხადებით შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ გამოეხმაურნენ და აღნიშნული სამოქალაქო აქტივისტების „გაფრთხილებად“ შეაფასეს.

მათივე განმარტებით, ეს განსაკუთრებით პრობლემურია, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში სამართლის უზენაესობა და ძალოვანი სტრუქტურების „ჭარბი“ ძალაუფლება „ისედაც დიდი გამოწვევაა“ და ხშირად „სამოქალაქო საზოგადოება კონტროლისა თუ გაწონასწორების ერთადერთი ცენტრია“.

უფლებადამცველები შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არა პრობლემის წყარო, არამედ „მამხილებელი აქტორები“ არიან, რომლებიც „გონიერმა“ ხელისუფლებამ „პრობლემის ძირეული აღმოფხვრის საქმეში საკუთარ მოკავშირედ უნდა განიხილოს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button