ახალი ამბები

საქართველო ყირიმელი თათრების დეპორტაციის 76-ე წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებას შეუერთდა

18 მაისს უკრაინის, საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „საბჭოთა რეჟიმის მიერ საკუთარი ისტორიული ტერიტორიიდან ყირიმელი თათრების დანაშაულებრივი დეპორტაციის“ 76-ე წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

აღნიშნეს რა, რომ გადასახლების პირველ წლებში დეპორტირებული ყირიმელი თათრების თითქმის ნახევარი დაიღუპა, ექვსმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „სამშობლოში, ყირიმში დაბრუნებაზე აკრძალვის პერიოდი 1989 წლამდე გაგრძელდა და მას მიზანმიმართული ენობრივი და კულტურული ასიმილაცია ახლდა თან“.

„ყირიმელი თათრების ტრაგედია 2014 წელს განმეორდა, როდესაც რუსეთის ფედერაციამ დაიპყრო და უკანონოდ შეეცადა ყირიმის ანექსიას, რომელიც უკრაინის განუყოფელი ნაწილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

პატივი მიაგეს რა სტალინის მიერ ყირიმელი თათრების დეპორტაციის უდანაშაულო მსხვერპლებს, მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ყირიმელ თათრებს „თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლაში“.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ „დამთხვევა არ არის, რომ რუსეთი, რომელიც სტალინის ტოტალიტარულ რეჟიმს ადიდებს, თავის დანაშაულებრივ პოლიტიკას 21-ე საუკუნეშიც აგრძელებს დროებით ოკუპირებულ ყირიმში“, დევნის რა ყირიმელ თათრებს, რომლებიც რუსულ აგრესიას დაუპირისპირდნენ და აიძულებს მათ, რომ საკუთარი სახლები დატოვონ და დანარჩენ უკრაინაში გადავიდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს „რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უკრაინის მიმართ და ახალი რეპრესიები ყირიმელი თათრების მიმართ“. მათ ხაზი გაუსვეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.

აღნიშნეს რა, რომ „ყირიმი უკრაინაა“, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვს მოუწოდეს, რომ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დეოკუპაციის თაობაზე „საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button