ახალი ამბები

აშშ საქართველოს „კოვიდ-19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად“ დამატებით 3 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება

Tags

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) საქართველოსთვის COVID-19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით 3 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 8 მაისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ „სურსათი პროგრესისთვის“ პროგრამის ფარგლებში, აშშ საქართველოს დამატებით 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს აჩუქებს, რათა „დაეხმაროს ქვეყანას პანდემიის დროს“.

კელი დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ იანვრის თვიდან ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქვეყანას პანდემიისთვის მომზადებასა და მასზე რეაგირებაში ეხმარება.

მისივე თქმით, ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა:

  • პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, COVID-19-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა;
  • ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვის და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად;
  • საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი და მათი სათანადო უნარებით აღჭურვა COVID-19-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით.

კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა, რომ სამი მილიონი დოლარის ახალი დაფინანსება გააძლიერებს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტ ხანს ითვლის და ისეთ პრიორიტეტულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა: C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა; საველე ეპიდემიოლოგია და ლაბორატორიული ტრენინგ-პროგრამა; რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტებისა და ლაბორატორიების კონტროლს საქართველოს მასშტაბით.

აშშ-ის ელჩმა საქართველოს ჯანდაცვის ხელმძღვანელებას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს, ექიმებს, მკვლევრებსა და საქართველოს მთავრობას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული „პროაქტიული“ ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. 

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button