ახალი ამბები

NDI-ს პრეზიდენტი: საქართველოს აქვს შანსი, განიმტკიცოს რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიცია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა დერეკ მიტჩელმა, რომელიც 24-26 თებერვალს საქართველოს პირველი ვიზიტით სტუმრობს, განაცხადა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს „რეგიონში დემოკრატიული ლიდერის პოზიციის განმტკიცების შანსი ეძლევა“.

26 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, დერეკ მიტჩელმა განაცხადა, რომ „როგორც ამ მნიშვნელოვან წელს, ისე მომავალშიც, NDI გააგრძელებს ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას“ და რომ „საქართველოს დასავლელი მეგობრები, მათ შორის NDI, არჩევნებისთვის მზადების პროცესს ყურადღებით დააკვირდებიან“.

„მნიშნელოვანია, რომ საზოგადოებას საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა გააჩნდეს. ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელი იქნება: ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დროული და ფართო კონსენსუსის მიღწევა; კანდიდატებისა და პარტიების უფლებების დაცვა, რათა მათ პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა; არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლების დაცვა; პოლიტიკურ პროცესებში ქალების უსაფრთხო და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა; ახალგაზრდების ჩართულობისთვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან არიდება, რაც საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას და გარე არალიბერალური ძალების გავლენებს აძლიერებს“, – განაცხადა მან.

აღნიშნა რა, რომ NDI 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „მისი ლეგიტიმურობა დამოკიდებულია კონსენსუსის მიღწევაზე არჩევნების სანდოობისა და ამ პროცესისადმი საზოგადოების ნდობის თაობაზე“.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დერეკ მიტჩელი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, დეპუტატებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უცხოელ დიპლომატებს შეხვდა.

NDI-ს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტამდე სამი თვით ადრე, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში NDI და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი გააკრიტიკა (IRI). მაშინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტების, როგორებიცაა NDI და IRI, რეიტინგებს საქართველოში ნდობა აღარ აქვთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button