ახალი ამბები

პარლამენტში კარლო კოპალიანი ვალერი გელაშვილმა ჩაანაცვლა 

Tags

პარლამენტში ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილი დეპუტატის კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლე ვალერი გელაშვილი გახდა. 18 თებერვლის პლენარულ სხდომაზე, გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არცერთი იყო.

პარლამენტმა კარლო კოპალიანს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, 5 თებერვალს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. საკითხს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი სამი მოწვევის (მე-5, მე-6 და მე-8) პარლამენტის წევრი იყო. იგი მე-8 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების რიგებიდან ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით მოხვდა. ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატად მან კენჭი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იყარა, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

ვალერი გელაშვილს დაპირისპირება ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან. 2005 წლის ივლისში მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. გელაშვილი ამ თავდასხმაში სწორედ ყოფილ ხელისუფლებას, კერძოდ კი – საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებდა.

გელაშვილის ცემის ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურამ ბრალი 2014 წლის 5 აგვისტოს წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება 2018 წლის ივნისში მიიღო, მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის საბოლოო სახედ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ამასთან თანამდებობის დაკავების უფლება ორი წლითა და სამი თვის ვადით შეეზღუდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button