დოქტორი ულრიხ შპეკი გერმანიის საგარეო პოლიტიკას უკვე ოცი წელია უკირკიტებს, ის სხვადასხვა დროს მუშაობდა რადიო თავისუფლებაში პრაღაში, კარნეგის ევროპულ ოფისში ბრუსელში, გერმანიის მარშალის ფონდში ბერლინში, ტრანსატლანტიკურ აკადემიაში ვაშინგტონში.
გასულ ათწლეულში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ორი ავტოკრატიული სახელმწიფოს – რუსეთისა და ჩინეთის ჩაბმა იყო ლიბერალურ დემოკრატიებთან შეჯიბრში.
რუსეთისა და ჩინეთის ავტოკრატიულმა ელიტებმა 1989 წლის რევოლუციებს გაუძლეს. გადაიტანეს ამის შემდეგი გლობალური ზეწოლაც, რომ დემოკრატიზებისაკენ გადაედგათ ნაბიჯები (რასაც “ისტორიის დასასრულს” უწოდებდა ბატონო ფუკუიამა). სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, მათ თავი ჩახარეს და თავის დროს დაელოდნენ იმ იმედით, რომ ქარიშხალი გადაივლიდა.
მათ გაუმართლათ: დახმარების ხელი იმავე დასავლეთმა გამოუწოდა, რადგანაც იქ ბევრს სჯეროდა, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია და მოდერნიზაცია გარდაუვლად გამოიწვევდა მოსკოვისა და პეკინის სვლას ლიბერალური პოლიტიკური მოდელისაკენ (დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა, საერთაშორისო თანამშრომლობა). .
შედეგად კი, 2010-იანი წლებისათვის რუსეთისა და ჩინეთის ელიტებმა სახლში თავი მკვიდრად დაიგულეს და ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს სულ უფრო გულდაგულ შეუტიეს. ამ ოპერაციას შეგვიძლია ვუწოდოთ “უზრუნველვყოთ უსაფრთხოება ავტოკრატიისათვის”.
მისი საყრდენი ელემენტებია: საკუთარი მოსახლეობისათვის ლიბერალურ იდეებთან წვდომის შეზღუდვა; დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენება დასავლეთის წინააღმდეგ, იქ ლიბერალური იდეებისა და რწმენისათვის საფუძვლის მოსარყევად; სამხედრო ძალის გამოყენება ურჩი მეზობლების დასამორჩილებლად; სხვა ქვეყნებში დიქტატორების დაცვა დემოკრატიზაციისაგან.
სწორედ ამ ოპერაციის წარმატების იმედით შეკრეს რუსეთმა და ჩინეთმა – ევრაზიაში ბუნებრივმა მეტოქეებმა – ფრიად მყიფე და დროებითი კავშირი.
მათ სამი სამიზნე ჰყავთ:
- “შუაში გაჭედილი” ქვეყნები: ცდილობენ ისინი დაასუსტონ და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ;
- ევროპის მდიდარი ქვეყნები: საჭიროა მათი დაყოფა – განსაკუთრებით აშშ-საგან მათი გარიყვა – მათზე ბატონობის იმედით;
- აშშ: როგორც ლიბერალური იდეების (დემოკრატია, საბაზრო ეკონომიკა) საყრდენი.
დასავლეთი ამას არ მოელოდა. ზოგი ქვეყანა დღესაც ცდილობს საფრთხე არ შეიმჩნიოს, ზოგიც უკვე მოისყიდეს. კონტრშეტევის სურვილი დიდად არც არავისა აქვს. რუსეთისა და ჩინეთის მიერ გავრცელებული მსოფლმხედველობისა ზოგს სჯერა, ბევრს კი მათი შურისძიების ეშინია.
ამასთანავე, ავტოკრატიებს შიდა სისუსტე ღრღნით. პატარა სახელმწიფოებს სულაც არ სურთ ამ ორი გიგანტიდან ერთ-ერთს დაემონონ. მოქალაქეებს ღირსეული ცხოვრება და პატიოსანი მთავრობა სურთ. ხალხს თავისუფლებაც სწყურია და მისთვის ბრძოლასაც არ ერიდება – შეხედეთ ჰონგ-კონგს. დამონება, ექსპლუატაცია, მუდმივ შიშში ცხოვრება, ოლიგარქების ქუსლქვეშ ყოფნა ბევრს არავის ეპიტნავება.
სწორედ ასეთ წინააღმდეგობა აიძულებს ავტოკრატიულ ელიტებს გააორმაგონ დემოკრატიზაციის ბაცილის წინააღმდეგ ბრძოლა – მათი შფოთვა მხოლოდ მე-19 საუკუნეში იმ ევროპელი მონარქების შიშს შეიძლება შევადაროთ, რომლებსაც ლუდოვიკო მეთექვსმეტის ეშაფოტზე ასვლის შემდეგ ყველგან რევოლუცია ელანდებოდათ. დამფრთხალი ავტოკრატები აათმაგებენ შიდა რეპრესიებას, საკუთარ საზღვრებს გარეთ კი სულ უფრო აგრესიულად იქცევიან – საპასუხოდ კი მეტ წინააღმდეგობას იღებენ შინ და გარეთაც.
ამ ამბის გაგრძელებას 2020-იან წლებში ვიხილავთ.