ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ გამწესებას ეხმაურება

Tags

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ გამწესებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არასაკმარისად გამჭვირვალე იყო, რის გამოც „რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს“. 

„მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ 12 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ნომინირებული მოსამართლეობის კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა „ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი“. „ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საელჩო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობას უზრუნველყოფს, ამასთან იგი დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედია. „იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, „იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას“, საელჩო მოუწოდებს „ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button