ახალი ამბები

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულების 68% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. რესპონდენტთა 71% აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულების 32% ამბობს, რომ არ იცის ან უარს ამბობს პასუხი გასცეს კითხვას, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდა მხარს. მათი 23%, ვინც კითხვაზე პასუხი გასცა, ამბობს, რომ მხარს მმართველ პარტიაც – ქართულ ოცნებას დაუჭერდა, 15% ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას, 5% კი – ევროპულ საქართველოს.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ 2019 წლის ივნისის მონაცემებთან შედარებით, ევროკავშირისა და ნატოს მიმართ საზოგადოებრივი მხარდამჭერა უმნიშვნელოდ გაიზარდა. კერძოდ, ევროკავშირის მაჩვენებელი 75%-დან 80%-მცე გაიზარდა, ნატოსი კი 68%-დან 71%-მდეა გაზრდილი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულების 83% ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს ასახელებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 18 ნოემბერს გამოქვეყნდა, 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპის (The Gallup) მიერ ჩატარდა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.

პოლიტიკური რეიტინგები

კვლევის მიხედვით, არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, მმართველ პარტიას – ქართულ ოცნებას გამოკითხულების 23%-იანი მხარდაჭერა ექნებოდა (2019 წლის ივნისი – 26%), ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ხმას 15% მისცემდა (2019 წლის ივნისი – 22%), ევროპულ საქართველოს – 5% (2019 წლის ივნისი – 7%), ლეიბორისტულ პარტიას – 5% (2019 წლის ივნისი – იგივე მაჩვენებელი), პატრიოტთა ალიანსს – 4% (2019 წლის ივნისი – 5%), სამოქალაქო მოძრაობას – 3% (2019 წლის ივნისი – 2%), დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს – 2% (2019 წლის ივნისი – იგივე მაჩვენებელი).

რესპონდენტების 4% ამბობს, რომ მხარს არცერთ პარტიას დაუჭერდა, 32%-მა კი – არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩევნებში მათთვის სასურველი პარტია არ იქნება წარმოდგენილი, გამოკითხულების 1% ამბობს, რომ ხმას საერთოდ არავის მისცემდა, 60%-მა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.

მისაღები/მიუღებელი პოლიტიკური ლიდერების რეიტინგები

საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი და ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე გამოკითხულების ყველაზე დიდი სიმპატიით სარგებლობს, ის მისაღებია გამოკითხულთა 57%-სთვის, ხოლო მიუღებელია 36%-სთვის. მას დედაქალაქის მერი კახა კალაძე (მისაღებია – 49%, მიუღებელია- 42%) და შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი (მისაღებია – 47%, მიუღებელია – 41%) მოსდევს. შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის წევრი და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე (მისაღებია – 41%, მიუღებელია – 50%) და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი (მისაღებია – 39%, მიუღებელია – 36%).

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იწვევს, მას მიუღებელ პოლიტიკოსად რესპონდენტთა 70% მიიჩნევს, მისაღებად კი – 23% ასახელებს. სალომე ზურაბიშვილს მოსდევს “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე (მიუღებელია – 66%, მისაღებია- 14%), შემდეგ თანაბარი მაჩვენებლებით მოდიან ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და დემოკრატიულ მოძრაობა-ერთიან საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე (მიუღებელია – 59%, მისაღებია- 31%). მათ მოსდევს ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი (მიუღებელია – 57%, მისაღებია- 32%) და ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი/თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (მიუღებელია – 55%, მისაღებია- 33%).

საარჩევნო სისტემა და ადმინისტრაცია

კვლევა ეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემასაც, რომლის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის შემოღების დაპირება ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე გასცა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ს სმენია პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ. მათგან კი, ვისაც პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ სმენია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას მთლიანობაში 78% ემხრობა (47% – სრულად, ხოლო 31% ნაწილობრივ უჭერს მხარს).

კვლევის მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის სანდოობის შესახებაც ჰკითხეს.

ცესკოს საქმიანობას სრულად რესპონდენტთა 13% ენდობა, 33% ნაწილობრივ ენდობა, 25% ნაწილობრივ არ ენდობა, 20% არ ენდობა, 9%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ინსტიტუტებისადმი ნდობა

კვლევის მიხედვით, ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი ნდობით – 86%-ით ჯარი სარგებლობს (2019 წლის ივნისი – 87%), მას 85%-ით მართლმადიდებლური ეკლესია (2019 წლის ივნისი – 89%), 72%-ით ქართული მედია (2019 წლის ივნისი – 70%), 59%-ით პოლიცია (2019 წლის ივნისი – 52%), 51%-ით განათლების სისტემა (2019 წლის ივნისი – 40%), 46%-ით ადგილობრივი თვითმმართველობა (2019 წლის ივნისი – 48%), ხოლო 37%-37%-ით პარლამენტი (2019 წლის ივნისი – იგივე მაჩვენებელი) და მთავრობა (2019 წლის ივნისი – 35%) მოსდევს.

უმუშევრობა – გამოკითხულების მთავარი წუხილი

გამოკითხულების 68% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (2019 წლის ივნისი – 66%), 22% კი – საპირისპიროდ ფიქრობს (2019 წლის ივნისი – 23%). 10%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

წინა კვლევის მსგავსად, უმუშევრობა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება (53%), შემდეგ მოდის მაღალი ფასები (18%), სიღარიბე (6%), ტერიტორიული მთლიანობა (3%), სხვადასხვა ეკონომიკური საკითხები (3%) და საგარეო კონფლიქტები (3%).

ევროკავშირი, ნატო და რუსეთთან ურთიერთობები

კვლევის მიხედვით, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა უმნიშვნელოდ გაიზარდა. რესპონდენტების 80% ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა (2019 წლის ივნისი – 75%), ნატოში გაწევრიანებას კი, მხარს გამოკითხულთა 71% უჭერს (2019 წლის ივნისი – 68%).

რესპონდენტების 27% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს (2019 წლის ივნისი – 30%), 49% ფიქრობს, რომ ქვეყანამ, პროდასავლური კურსის პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობაც უნდა შეინარჩუნოს (2019 წლის ივნისი – 47%). გამოკითხულების 12%-ს სურს, რომ ქვეყნის კურსი პრორუსული იყოს, მაგრამ დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობაც უნდა გაგრძელდეს (2019 წლის ივნისი – 8%). 2019 წლის ივნისთან შედარებით, უცვლელია იმ რესპონდენტთა რაოდენობა (2%), ვისაც სურს, რომ ქვეყანას მხოლოდ პრორუსული კურსი ჰქონდეს.
გამოკითხულთა 83% ფიქრობს, რომ რუსეთი მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს, ხოლო 72% კი – მთავარ ეკონომიკურ საფრთხეს წარმოადგენს (2019 წლის ივნისი – 79% და 57%, შესაბამისად).

2019 ივნისთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით 77%-მდე გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესია კვლავაც გრძელდება. 15% ფიქრობ, რომ რუსეთის აგრესია დასრულდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ განახლდეს (2019 წლის ივნისი – 17%). გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია დასრულებულია და აღარ განახლდება (2019 წლის ივნისი – 5%).

რესპონდენტების 34% ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობას დადებითად (2019 წლის ივნისი – 33%), 56% კი – უარყოფითად აფასებს (2019 წლის ივნისი – 52%).

მედიისადმი ნდობა

კვლევა აჩვენებს, რომ საერთაშორისო სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ კვლავ ტელევიზია რჩება, გამოკითხულების 83% მიმდინარე ამბებს ქართული ტელეარხების მეშვეობით ეცნობა (2019 წლის ივნისი – 85%), მას 21%-ით და 10%-ით  სოციალური მედია და ქართული ინტერნეტ-რესურსები მოსდევს (2019 წლის ივნისი – 20% და 14%, შესაბამისად).

რესპონდენტების 5% ამბობს, რომ საერთაშორისო სიახლეებს რუსული ტელეარხების მეშვეობით ეცნობა (2019 წლის ივნისი – 4%).

ქართულ მედიასაშუალებებს შორის, გამოკითხულების 39% ნდობას ტელეკომპანია „იმედს“ უცხადებს (2019 წლის ივნისი – 37%), 2019 წლის სექტემბერში შექმნილ „მთავარ არხს“ 18% ენდობა, „რუსთავი 2“-ს – 13% (2019 წლის ივნისი – 34%), „ტელეკომპანია პირველს“ კი – 6% (2019 წლის ივნისი – 4%).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button