ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ავღანეთს სტუმრობდა

Tags

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთს სტუმრობდა, სადაც მაზარ-ი-შარიფში, ბაგრამსა და ქაბულში მდებარე სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ 5 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ სამხედროებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და უთხრა: „სწორედ თქვენი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის დაფასებული საერთაშორისო არენაზე“.

წყარო: Nato.int

„მადლობა ყველაფრისთვის, სამსახურისთვის, თქვენი მაღალი პროფესიონალიზმისთვის და თქვენი თავდადებისთვის. ვიქნები თქვენი ფარი. მე რაც შემეძლება, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ვიზრუნო თქვენზე. ეს არის ჩემი უშუალო პასუხისმგებლობა და ვალდებულება“, – მიმართა თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს.

ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მსახურის დროს ჯამში 32 ქართველი სამხედრო დაიღუპა. 871 სამხედრო მოსამსახურით საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან უმსხვილესი კონტრიბუტორია.

ავღანეთში ორდიანი ვიზიტის დროს, თავდაცვის მინისტრს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც ახლდა.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი „მტკიცე მახრდაჭერის მისიის“ ხელმძღვანელს გენერალ ოსტინ სკოტ მილერს, მისიის შტაბის უფროსს და ნატოს უმაღლეს სამოქალაქო წარმომადგენელს ელჩ ნიკოლას კეის და ბრიგადის გენერალს იურგენ ბროცს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებისადმი ერთგული რჩება, კვლავ განაგრძობს საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას და მიესალმება აშშ-ის ძალისხმევას, რომ ავღანეთში მშვიდობიან მოლაპარაკებებს შეუწყოს ხელი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button