skip to content
ევროპამათი თვალით

უნგრელი ექსპერტები უნგრეთის ოპოზიციის წარმატების შესახებ

ლიბერალური-დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა მედროშე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მწარედ დამარცხდა ბუდაპეშტში, სადაც მმართველი პარტია ფიდესის კანდიდატს, ამჟამინდელ მერთა-მერ იშტვან ტარლოშს (István Tarlós) გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გერგეი კარაჩონიმ (Gergely Karácsony) მოუგო. 13 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კარაჩონის ბუდაპეშტელი ამომრჩევლის 50,86% მიემხრო, იშტვან ტარლოში კი ხმათა 44,10%-ს დასჯერდა. ტარლოშმა, რომელიც 2010 წლის შემდეგ ბუდაპეშტის მერი გახლდათ.

ამასთან, ოპოზიციამ გაიმარჯვა 23 მთავარი ქალაქიდან 10-ში – წინა არჩევნებთან შედარებით ოპოზიციამ შვიდით მეტ ქალაქში იმარჯვა.

უნგრეთის არჩევნებისა და კერძოდ, ოპოზიციის წარმატების შესახებ „სამოქალაქო საქართველოს“ „ევროპის მოამბის“ რუბრიკის კითხვებს უნგრელი ექსპერტები პასუხობენ:

ბევრი ანალიტიკოსი ამბობს, რომ კვირა დღეს გამართული არჩევნების შედეგები 2010 წლიდან მოყოლებული პრემიერ-მინისტრ ორბანის მმართველობისათვის ყველაზე დიდი მარცხი იყო. რა მთავარმა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ოპოზიციური ფლანგის წარმატებას ბუდაპეშტსა თუ სხვა უნგრულ ქალაქებში?

ანდრაშ ტოთ-ციფრა (András Tóth-Czifra), პოლიტიკის ანალიტიკოსი, მუშაობს რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის საკითხებზე:

მთავარი განსხვავება [წინა არჩევნებისაგან] გაახლდათ ოპოზიციური პარტიების ურთიერთთანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია მარტივი უმრავლესობის სისტემაში, როდესაც უმეტესი ხმების მიმღები კანდიდატი პირველივე ტურში იგებს – სწორედ ასე ირჩევენ მერებს (და პარლამენტის მაჟორიტარებსაც ერთმანდატიან ოლქებში) უნგრეთში. ოპოზოციური პარტიები თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც აწარმოებდნენ. ოპოზიციას თვალწინ ჰქონდა ასეთი თანამშრომლობის წარმატების მაგალითი ქალაქ ჰოდმეზოვაშარჰეის (Hódmezővásárhely) მერის არჩევნებზეც, სადაც 2018 წლის თებერვალში მთელი ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილმა ზომიერად მემარჯვენე კანდიდატმა პეტერ მარკი-ზაიმ მმართველი პარტია ფიდესის კანდიდატი დაამარცხა, არადა ეს ქალაქი ფიდესის ბასტიონი გახლდათ. თუმცა, იდეოლოგიური განსხვავებები, გავლენებისათვის ბრძოლა და სავარაუდოდ, ფიდესის ჩარევა ოპოზიციურ პარტიებს შეთანხმების მიღწევას [ყოველთვის] აცილებდა.

2019 წლის მაისის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიების, სოციალისტური პარტიისა და იობიკის მხარდაჭერა დაეცა, ვითარება შეიცვალა. [ოპოზიციური პარტიების] თანამშრომლობის ამბავს ასევე წაადგა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების (think tank-ების) დაუღალავი კამპანიები მათი კოორდინაციისათვის. ოპოზიციურმა პარტიებმა ბუდაპეშტში პრაიმერი გამართეს საერთოოპოზიციური კანდიდატის გამოსავლენად.

ზემოაღნიშნულის გარდა, შეგვიძლია ისიც აღვნიშოთ, რომ სამთავრობო პროპაგანდის მთავარ საკითხს – მიგრაციისადმი შიშების გაღვივებასა და „ბრიუსელის ელიტებისადმი“ ბრძოლას – ევროპული არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში, ევროპულ არჩევნებში ულტრამემარჯვენეების ვერგამარჯვების შემდეგ, დამატებითი ხმების მოტანა აღარ შეუძლია. ორბანს ნამდვილად სურს ახალი სამიზნის პოვნა – ლგბტქ ადამიანები სავარაუდო არჩევანი იქნება – თუმცა ამ ტიპის კამპანიისათვის მას ბოლომდე ჯერ არ მიუმართავს. თანაც, როგორც პოლონეთის მაგალითმა აჩვენა, ამან ორბანის წისქვილზე შეიძლება სულაც არ დაასხას წყალი.

საბოლჩ პანი (Szabolcs Panyi), საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრ Direkt 36-ის ჟურნალისტი:

როგორც რიცხვები გვიჩვენებს, მიუხედავად ფიდესის მერობის კანდიდატების მიერ მანამდე არსებული მხარდაჭერის შენარჩუნების ან მცირედით გაზრდისა, მათი მობილიზაცია უბრალოდ ვეღარ იყო საკმარისი. ამ ამბავში გარდატეხის შემომტანი გახლდათ ოპოზიციის უნარი ქალაქების უმრავლესობაში საერთო კანდიდატზე შეჯერებულიყვნენ. თუმცა ეს ყველაფერი თითქმის ათწლიანი შიდა[ოპოზიციური] ჩხუბისა და ვერ-გაერთიანების შემდეგ მოხდა.

ამასთან, უნგრელმა ამომრჩეველმა ათი წლის განმავლობაში პირველად იგრძნო, რომ მმართველი კანდიდატების დასამარცხებლად საჭირო ტექნიკური და ლოგიკური მინიმალური სტანდარტები არსებობდა, ამიტომაცაა, მათი მოულოდნელად დიდი რიცხვი რომ გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის სკანდალმაც [წინასაარჩევნო პერიოდში პარტია „ფიდესის“ წევრის, ქალაქ დიორის მერის პირადი ცხოვრების ჩანაწერი გასაჯაროვდა – რედაქციის შენიშვნა] ოპოზიციონერი ამომრჩევლის მობილიზაციის წისქვილზე დაასხა წყალი, ხალხი აღშფოთდა, მთავრობამ კი ამ სკანდალზე საკადრისი რეაქცია ვერ გამოავლინა.

რას მოასწავებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გერგეი კარაჩონის არჩევა ბუდაპეშტის მერთა-მერის პოსტზე? რას ნიშნავს ოპოზიციის გამარჯვება დედაქალაქის რამდენიმე რაიონსა და რამდენიმე დიდ ქალაქში უნგრეთის პოლიტიკისათვის?

ანდრაშ ტოთ-ციფრა (András Tóth-Czifra):

გარდა იმისა, რომ გავლენიან, მნიშვნელოვან არჩეულ თანამდებობაზე ყოფნით ოპოზიციას შეეძლება არაუბრალოდ  ლაპარაკი ალტერნატიულ პოლიტიკაზე, არამედ მისი პრაქტიკაში განხორციელებაც, კარაჩონის გამარჯვებამ ფსიქოლოგიური ბარიერიც მოხსნა. 2010 წლიდან მოყოლებული, ოპოზიციისათვის ეს ამ ტიპის პირველი გამარჯვებაა, რამაც ფიდესის უძლეველობის მითი დაამსხვრია. გარდა ამისა, ბუდაპეშტის გარეთ, ოპოზიციამ მოახერხა 23 მთავარი ქალაქიდან 10-ში გამარჯვება, რაც 7-ით მეტია წინა არჩევნებთან შედარებით. ეს ოპოზიციურ პარტიებს საშუალებას მისცემს რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებთან, რომლებიც ფიდესის მთავარ საყრდენს წარმოადგენენ, უფრო ეფექტურად იმუშაონ და პროვინციებში კავშირები და ქსელები გააღრმავონ.

ორბანმა ეს კარგად უწყის. ამიტომაც იყო არჩევნების შემდეგ მან რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩეველს რომ მიმართა და რომ შეჰპირდა, რომ იმედს არ გაგიცრუებთო. ორბანს მისმა მედია-საშუალებებმაც აუბეს მხარი. ბუდაპეშტსა და დანარჩენ უნგრეთში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ხმათა განაწილებას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ბუდაპეშტში ოპოზიციას 51% ჰქონდა, ხოლო – ფიდესს 44% . რაც შეეხება რეგიონებს, აქ ფიდესი 57%-ით 38%-ზე უგებს უპოზიციას. ეს თვალშისაცემი განსხვავებაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც ბუდაპეშტია ჰომოგენური და არც რეგიონები. ვფიქრობ, [ამ არჩევნების შემდეგ] პოლიტიკა [უნგრეთში] უფრო და უფრო საინტერესო უნდა გახდეს.

საბოლჩ პანი (Szabolcs Panyi):

კარაჩონის გამარჯვებამ უპირველეს ყოვლისა ის დაადასტურა, რომ ოპოზიციისთვის გაერთიანება გამარჯვების წინაპირობაა. ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ დახლეჩილი ოპოზიცია – ორი მემარცხენე პარტია, ლიბერალური პარტია, მწვანე პარტია და ყოფილი ულტრამემარჯვენე პარტია – არსებული იდეოლოგიური დაპირისპირებების გამო ვერ შეძლებდა თავისი ყველა ამომრჩევლის გამოყვანას. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ორბანი და მისი პოლიტიკა იმდენად დამყოფია [საზოგადოებისათვის], რომ [ოპოზიციურ პარტიებს შორის] არსებული იდეოლოგიური დაპირისპირებები და განსხვავებები შეიძლება [დროებით] უარყოფილიც კი იქნას. თუმცა, 2022 წლის გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნებამდე უნგრეთში ეროვნული დონის არჩევნები არ იქნება, წინამდებარე თითქმის სამ წელიწადში კი ბევრი გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოხდეს.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ უყურებთ მომავალ წლებში ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობის პერსპექტივას? თუ ფიქრობთ, რომ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობა ისეთ კონსოლიდირებულ მოძრაობაში გადაიზრდება, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე საერთო ძალისხმევით მმართველ პარტია „ფიდესს“ ხელისუფლება ჩამოართვას შეძლებს?

ანდრაშ ტოთ-ციფრა (András Tóth-Czifra):

არაა აუცილებელი, ოპოზიციამ ბოლომდე ერთიანი ფრონტი გაუმართოს ფიდესს, რათა მას უმრავლესობა ჩამოართვას. უნგრულ ოპოზიციაში ფრიად მრავალფეროვანი პარტიები შედიან – ლიბერალები, მემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები – იქნებიან ეს ყავლგასული პოლიტიკოსები თუ მომავალი თაობის ლიდერები. რაღაც ეტაპზე [ოპოზიციის შიგნით] კონფლიქტებიც იქნება. ვფიქრობ, საკმარისი იქნება ძირითად პრინციპებზე შეჯერებაც, მაგალითად, ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს, რომ ერთმანდატიან ოლქებში ერთმანეთს კანდიდატებს არ დაუპირისპირებს, უნდა შეთანხმდეს ასევე ძირითად პრინციპებზე, რომლებიც ფიდესის მიერ „სახელმწიფოს მიტაცებას“ ბოლოს მოუღებს. არსებულ მედია-გარემოში, როცა ფიდესი ფორმალურად დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე თავის გავლენას ახორციელებს, ეს მარტივი არ იქნება. თუმცა, კვირა ღამის [შედეგების გათვალისწინებით], ვიტყოდი, რომ ეს შეუძლებელიც აღარაა. თუმც, საამისოდ საჭიროა ჯერ კიდევ შემორჩენილი დამოუკიდებელი მედიისა თუ შეჭირვებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და დახმარება. მათი მუშაობა გადამწყვეტი იყო, არის და იქნება.

საბოლჩ პანი (Szabolcs Panyi):

ვფიქრობ, დიდი შანსია, უნგრეთში ახალი პოლიტიკური პარტიები გამოჩენდნენ, დიდი შანსია, მომავალ წლებში ვიხილოთ, როგორ უერთდებიან „გარედან დამკვირვებლები“ ოპოზიციას, რადგანაც მათი გადმოსახედიდან, ახლა არის დრო პარტიული ორგანიზაციების შექმნისა და ინტერპარტიული თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციისა. ბუდაპეშტის მერის არჩევნებამდე, ისტორიაში პირველად, ოპოზიციამ პრაიმერი ჩაატარა, როგორც ბუდაპეშტის მერთა-მერის პოზიციისათვის, ასევე დედაქალაქის ზოგიერთი რაიონის მერის კანდიდატების გამოსავლენად. ეს ეფექტური გზა აღმოჩნდა შიდა კამათის მოსაგვარებლად და კანდიდატების ასარჩევად. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ამ გზას მომავალშიც მიმართავს.  

მსგავსი/Related

Back to top button