Placeholder canvas
Newsახალი ამბები

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

საქართველოს მთავრობამ, ოპოზიციის ლიდერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავზე თბილისის გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალი მოინახულეს და გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ 27 სექტემბერი „თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე, ყველაზე მტკივნეული დღეა. კიდევ ერთხელ ვამბობ თანამედროვე საქართველოსთვის, არა აქვს მნიშვნელობა თაობას, ეს ის დღეა, როდესაც 26 წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა“.

„რა თქმა უნდა, ამის შემდგომ ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, გავიზარდეთ როგორც ჩვენ, ისე აფხაზები, ბევრი რამ გვაერთიანებს და გვაერთიანებს იმის გაგება, იმის შეგრძნება, რომ ომი იყო ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია“, დასძინა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „თითოეულმა მოქალაქემ [უნდა] გავიაზროთ, [რომ] ომი არ არის გამოსავალი, 24 საათიანი მძიმე შრომა, ქვეყნის აშენება, დემოკრატიული ინსტიტუტები, ძლიერი საქართველო, ერთიანი საქართველო, ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთად უნდა ვემსახუროთ“.

ქეთევან ციხელაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროა დიალოგისა და ნდობის აღდგენისაკენ გადადგმული ნაბიჯები. მინისტრის თქმით, „ამ ტკივილით [მინდა] დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, თუ რა მოიტანა ამ ყველაფერმა, ამ კონფლიქტმა, ამ წლებმა, დღეს მიღებულმა სიტუაციამ, ოკუპაციამ, როგორ დავზარალდით ყველა და გავაცნობიეროთ, რომ რაც დრო გადის მით უფრო ნათელი არის ერთის მხრივ და საჭიროც, რომ გადავდგათ ურთიერთ შემხვედრი ნაბიჯები“.

გია ბარამიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თქვა, რომ „ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დღე… როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა გამოიყენა რა ყველა მის ხელთ არსებული საშუალება და ასევე ჩრდილო-კავკასიაში არსებული სეპარატისტული ძალები, აიღო სოხუმი… მაგრამ სოხუმის დაცემით ჩვენი ქვეყანა არ დაცემულა“.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი საქართველოს ისტორიაში და [ეს] არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადად გვახსენებს იმ ბოროტებას, რომლსაც ჰქვია რუსული ოკუპაცია“.

რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის დაცვის მოტივით, თბილისმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო ძალები 1992 წელს გაგზავნა. 1993 წლის 16 სექტემბერს, 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხების დარღვევით, აფხაზი ბოევიკებისა და რუსეთის ფედერაციიდან დაქირავებულების მიერ სოხუმზე თავდასხმის შემდეგ, სამთავრობო ძალები იძულებულნი გახდნენ, რომ რეგიონი დაეტოვებინათ. რამდენიმედღიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

27 სექტემბერი საქართველოში აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან და ქართველების ეთნიკურ წმენდასთან ასოცირდება. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს 12 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300 000 ადამიანი, ძირითადად ეთნიკური ქართველები, დევნილად იქცა.

გმირთა მოედანი, თბილისი, 27 სექტემბერი, 2019. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button