skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალის კუთვნილი დრონის ჩამოგდებას ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მოჰყვა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 1 სექტემბრის დილის 10 საათზე, მათი კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ“ ვიდეოგადაღებას ახორციელებდა, ქართულმა მხარემ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩამოაგდო.

ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, მანამდე, ქართული მხარის მსგავსი საფრენი აპარატი არაერთგზის ცხინვალმაც შენიშნა, რომელიც 24 საათის განმავლობაში, „სახელმწიფო საზღვრისა“ და დასახლებულ პუნქტების იმ ნაწილს იღებდა, რომელსაც ცხინვალის უსაფრთხოების სამსახური და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ცხინვალმა თბილისი „მიზანმიმართულ პროვოკაციაში“ დაადანაშაულა და თქვა, რომ თბილისს მორიგი კონფლიქტის პროვოცირება სურს.

იმავე დღეს, მოგვიანებით, ცხინვალმა მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ საფრენი აპარატი მათი „გენერალური პროკურატურის“ საკუთრება იყო, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის“ უკანონო კვეთის თაობაზე აღძრული საქმის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით, საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდა.

ოფიციალური თბილისის პასუხი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხინვალის ბრალდებები უარყო და თქვა, რომ ცხინვალის საფრენი აპარატი იდენტურ მოწყობილობას შეეჯახა, რომელიც რიგითი მოქალაქის საკუთრება იყო და ორივე მათგანი განადგურდა.

საკითხს Facebook-ის საკუთარ გვერდზე მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ქაცარავა გამოეხმაურა და თქვა, რომ „რუსოსურმა დრონმა საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა და ჩვენ მიერ კონტროლირებად საჰაერო სივრცეში გადმოვიდა“. ქაცარავას თქმით, მისმა „გუნდმა დრონის განეიტრალება მოახერხა“ და ის „ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა“.

ქაცარავას განმარტებით, „რუსოსებმა ცოტა ხანში ატეხეს პანიკა“, რის შემდეგაც, ადგილზე ქართული პოლიცია გამოცხადდა და მათ დრონი წაართვა. „საინტერესოა, ეგ რას უნდა მივაწეროთ? ისევ არ ვაღიზიანებთ რუსებს?“, – დაწერა ქაცარავამ.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა და ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა განმარტეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდეს და ცხელი ხაზი აამოქმედეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს მთავრობა „კონსტრუქციულია“ და „ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

ასევე ნახეთ:

31/08/2019 – აშშ მხარეებს საოკუპაციო ხაზთან ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს;

31/08/2019 – რუსეთი ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს მშენებლობით გამოწვეული ესკალაციის გამო შეშფოთებულია;

30/08/2019 – სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ ტექნიკური შეხვედრა გაიმართა;

30/08/2019 – საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ძალების მობილიზების გამო შეშფოთებულია;

30/08/2019 – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ჩორჩანაში ჩავიდნენ;

30/08/2019 – ერგნეთში IPRM-ის 95-ე შეხვედრა ძირითადი საკითხების განხილვის გარეშე შეწყდა;

29/08/2019 – ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ვიზიტი საქართველოში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button