დაუჯგუფებელი

ნატალია ბუკია

პენსიონერი

აქ აქციის პირველივე დღეს მოვედი, მაგრამ, ჩემი ასაკის გამო და იმის გამო, რომ დიდხანს არ შემიძლია დგომა, ადრე წავედი. რატომ მოვედი აქ? იმიტომ, რომ მე 9 აპრილსაც აქ ვიყავი. ეს ყველაფერი – დამოუკიდებლობის მოპოვების მთელი პროცესი – ჩემს თავზე მაქვს გადატანილი. მე არ შემეძლო, არ მოვსულიყავი, რადგან ფაქტობრივად დამოუკიდებლობა ხელახლა გახდა მოსაპოვებელი. მე ამას ვხედავდი. ძალიან გული მწყდებოდა, რომ მთელი ამ შვიდი წლის განმავლობაში ეს პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობდა, მაგრამ სამწუხაროდ ხალხის რეაქცია არ იყო. შემდეგ უკვე იმ ამბავმა, როცა გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, ხალხის მოთმინების ფიალა აავსო.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, რომ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მართალი გითხრათ, მე ასე მგონია, რომ ივანიშვილსაც კი მისი გადაყენება არ შეუძლია იმიტომ, რომ ის არის პირდაპირ რუსეთის ემისარი. მე ასე ვხედავ ამ მოვლენას, მაგრამ პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს.

აპრილის დღეებში აქ რომ ვიდექით, მაშინ ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა, მაგრამ საოცრება მოხდა. ჩვენ ვითხოვდით საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მოხდა უფრო მეტი: დაინგრა საბჭოთა კავშირი და, სიმბოლურად, ისე მოხდა, თითქოს 9 აპრილმა დაანგრია.

ახლაც იცით როგორი განცდა მაქვს? ხომ ვითხოვთ საქართველოს დეოკუპაციას? ისეთი განცდა მაქვს, რომ ამას მოჰყვება სწორედ რუსეთის ფედერაციის დანგრევა. აი, არ ვიცი, როგორ იქნება, მარა დაიშლება, ეს გარდაუვალი პროცესია, პირველ რიგში, რუსეთი უნდა წავიდეს კავკასიიდან, მერე უკვე სხვა, ციმბირი და ის, ჩვენი საქმე არაა… საქართველოს თავისი ტერიტორიები უნდა დაუბრუნდეს და მასზე მცხოვრები ხალხი იყოს ბედნიერი, ცხოვრობდეს თავისუფალ სახელმწიფოში.

მსგავსი/Related

Back to top button